საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა.

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა. მისივე განცხადებით, ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შესრულებულიყო ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ხაზი გაესვა, პოლიტიკური პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობას.