სურსათის ეროვნული სააგენტო On.ge-ს საპასუხოდ აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. On.ge-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოდან შეტანილი სანელებლების მოხმარებისგან, რადგან ამ ნაწარმში აღმოჩენილია ტყვიის დიდი ოდენობა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში!"

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა თავდაპირველად 2015 წელს გააფრთხილა მოსახლეობა ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის საშიში დოზის შემცველობის შესახებ. On.ge-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ გაფრთხილებას მოსახლეობას ბოლო დრომდე უგზავნის. ასეთი გაფრთხილება ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო.

გაფრთხილება, რომელიც მიიღო ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა.

ფოტო: On.ge

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე ამ დრომდე შეიძლება გაფრთხილების ნახვა როგორც ინგლისურ, ისე - ქართულ ენაზე. აღნიშნულ დეპარტამენტს, 2015 წლის გაფრთხილების შემდეგ, არ გაუვრცელებია განცხადება, რომ ქართული წარმოების სუნელი უსაფრთხოა.

On.ge-მ უკვე გაუგზავნა წერილი ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს ქართული სანელებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. აღნიშნულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: პირველ ივლისს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა On.ge-ს ელექტრონული მიმოწერის საშუალებით უპასუხა, რომ ტყვიის საგანგაშო დოზა საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში აღმოჩნდა 2017 წელსაც. შესაბამისად, ისინი უკვე წლებია, რეგულარულად აფრთხილებენ ამ სუნელების პოტენციურ მომხარებლებს შესაძლო საფრთხის შესახებ, მათი გაფრთხილება კი ახლაც ძალაშია.