ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე 300 ათასი ლარი ჯდება. კონცერტი 23 ივლისს გაიმართება.

მელუას კონცერტისთვის ხელშეკრულება შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ გააფორმა. უშუალოდ 100 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში გადაიხადა (კურსით 1 ლარი 0,4136 დოლარი) მის კონცერტში, რაც დაახლოებით 242 ათასი ლარია, დაახლოებით 68 ათასი ლარი კი კონცერტის ორგანიზებისთვის იხარჯება.

კონცერტის ორგანიზებისთვის ხელშეკრულება შპს ისთერნ პრომოუშენთან გააფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით 30 600 ლარზე მეტი ისთერნ პრომოუშენის საკომისოა დანარჩენი კი კონცერტთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ამ კომპანიის მენეჯერი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, მიხეილ გიორგაძე იყო. გიორგაძე კომპანიის წილებსაც ფლობდა. კულტურის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ამ კომპანიაში მუშაობით გამოწვეულ ინტერესთა კონფლიქტზე კი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა.

კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ბილეთების ფასი 20 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

Black Sea Arena საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასა და ივანიშვილს აკრიტიკებდა, რომ მსგავსი საჩუქრის შენახვა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.