სერიალის სექსი დიდ ქალაქში მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელიც HBO-ს საკულტო შოუში მირანდა ჰობსის როლს ასრულებს, ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, მზად არის Sex and the City-ს მესამე ფილმში მიიღოს მონაწილეობა.

"მე მზად ვარ, ჩვენ ყველა თანახმა ვართ სექსი დიდ ქალაქში გაგრძელდეს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სცენარი არ არსებობს. იდეაზე კი საუბარი მიმდინარეობს, მთავარია ამისთვის ზუსტი დრო შევარჩიოთ", ამბობს სინტია.

გასული წლის ოქტომბერში მსგავსი განცხადება გააკეთე კერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა სარა ჯესიკა პარკერმაც, რომელიც ამბობდა, რომ ფილმის კიდევ ერთ ნაწილს აუცილებლად გადაიღებენ.

"იცით, როდესაც მე ქერი ბრედშოუს ვთამაშობდი ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო. წარმოიდგინეთ, შოუს თითო ეპიზოდს, მინიმუმ 10 მილიონი ადამიანი უყურებდა, ამიტომ თუნდაც მათთვის ღირს კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ნიუ-იორკული ოთხეული. ხომ გესმით რას ვამბობ? მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ მიმართ და თითქმის ყოველდღე ვფიქრობ, რომ სერიალის ახალი სეზონი თუ არა, ფილმის კიდევ ერთი ნაწილი მაინც უნდა გავაკეთოთ", - ამბობს სარა ჯესიკა პარკერი.

HBO-ს სერიალი ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შოუს, რომელმაც ტაბუ მრავალ თემას ახადა, რევოლუციური და პროვოკაციული უწოდეს. სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული მეგობრის ცხოვრებაზე გვიყვება. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტროლმა ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი მოირგეს: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა.

სერიალის ბოლო სერია ეთერში 2004 წლის 22 თებერვალს გავიდა, ხოლო მისი კინოვერსიის მეორე ნაწილის პრემიერა 2010 წელს შედგა.