თბილისი-რუსთავის მაგისტრალის, დაახლოებით, 400-მეტრიანი ნაწილის გასაყვანად ოთხი ათასამდე ხე იჩეხება. ხეების ნაწილი - 2 500 ხემდე უკვე მოჭრილია, დანარჩენი კი ეტაპობრივად მოიჭრება. ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან სუხიტაშვილი.

"ძალიან რთულია [მოჭრილი ხეების] ზუსტი რაოდენობის თქმა იმიტომ, რომ ყოველდღე მიმდინარეობს ხეების ჭრა," - ამბობს სუხიტაშვილი On.ge-სთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ ამ ხეებში წითელ ნუსხაში შესული მცენარეებიცაა.

მოჭრილი ხეები ხვთისო ტურძელაძემ გადაიღო, რომელმაც ვიდეო ფეისბუკზე ატვირთა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამბობს, რომ ხეების მოჭრა და ფერდობის დამუშავება მაგისტრალის გასაყვანადაა საჭირო. მისი თქმით, ხეების მოჭრის ნებართვა მიიღეს, როგორც საქართველოს მთავრობისგან ასევე თბილისის მერიისგან და გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან, სადაც მოსაჭრელი ხეებია.

"რომ არ მოვჭრათ, პროექტს ვერ განვახორციელებთ, შესაბამისად, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ჯობდა ხეები მოგვეჭრა და მოვაწყოთ პირველი დონის მაგისტრალი", - ამბობს სუხიტაშვილი.

მისივე თქმით, ყოველი მოჭრილი ხის სანაცვლოდ ორი, ხოლო წითელ წიგნში შეტანილი მცენარეების სანაცვლოდ 10 დაირგვება. სუხიტაშვილის განმარტებით, ისინი შესაბამის თანხას გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მერიას გადაურიცხავენ და მუნიციპალიტეტი მიიღებენ გადაწყვეტილებას ხეების დარგვის ადგილის შესახებ.