თბილისში ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით, შეიწამლა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო და ტერიტორიების შეწამვლის გადაწყვეტილება ამ მიზეზით მიიღეს.