ორმოცამდე ირანული მედია გამოცემა, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს, სალმან რუშდის მოკვლისთვის განახლებულ ჯილდოს აწესებს.

$600 ათასიანი ჯილდო აიათოლა ჰომეინის მიერ დადგენილ ფატვას წლისთავს უკავშირდება, რომელიც მან 1989 წლის 15 თებერვალს გამოიტანა სატანური ლექსების გამოქვეყნების შემდეგ. ჰომეინიმ მწერალს მკრეხელობაში დასდო ბრალი და სასიკვდილო განაჩენი არამარტო მას, არამედ წიგნის გამოცემაში ჩართულ ყველა ადამიანს გამოუტანა. შედეგად, თავს დაესხნენ რამდენიმე მთარგმნელს. იაპონურ ენაზე ნაწარმოების მთარგმნელი ჰიტოში იგარაში ცუკუბას უნივერსიტეტთან ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს, იტალიელი მთარგმნელი ეტორე კაპრიოლო ამავე სახის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა, ხოლო ნორვეგიელ გამომცემელს სასიკვდილოდ სამჯერ ესროლეს საკუთარ სახლთან, ოსლოში.

1998 წელს ირანის პრეზიდენტმა მუჰამედ ხათამიმ განაცხადა, რომ რუშდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუმცა ფატვა ოფიციალურად არ გაუქმებულა. 2005 წელს აიათოლა ჰომეინის მემკვიდრემ, აიათოლა ალი ხომენეიმ ფატვა კვლავ მოქმედად გამოაცხადა.

სალმან რუშდი ბრიტანეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.

შარშან ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უარი განაცხადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი სალმან რუშდი უნდა ყოფილიყო. ირანის წარმომადგენლებმა ბაზრობის ბოიკოტირებისკენ სხვა ისლამურ ერებსაც მოუწოდეს.