ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) უწყებით, კოსმოსური კვლევის ფარგლებში 12 მოხალისე საწოლში 60 დღეს გაატარებს.

საოცნებოდ ჟღერს, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა: მათ ყოველდღიური საქმეების (კვება, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბანაობა...) შესრულება მხოლოდ საწოლიდან შეეძლებათ, ერთი მხარი კი მატრასს მთელი დროის განმავლობაში უნდა ეხებოდეს. ცდისპირებს საწოლიდანვე მოუწევთ ველოსიპედის "ტარებაც".

პროექტს Bed Rest with Artificial Gravity and Cycling Exercise ეწოდება, იგივე BRACE. კოსმოსში ადამიანის ორგანიზმი არაერთ ცვლილებას განიცდის. კვლევა მიზნად იმის გაგებას ისახავს, თუ როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი ველოსიპედის ტარებამ ამ ყველაფერს.

ექსპერიმენტში რამდენიმე გუნდი ჩაერთვება, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა რამ დაევალება, მაგალითად, საწოლზე მიმაგრებული ველოსიპედის ტარება. ერთი ჯგუფი ამას ცენტრიფუგული მანქანის შიგნით გააკეთებს, ცდისპირთა სხვა ჯგუფი კი მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ დაისვენებს.

მონაწილეები ორი თვის განმავლობაში იწვებიან 6°-ით დახრილები, ფეხები კი ზემოთ ექნებათ აწეული. ამ პოზაში თავს სისხლი უკეთ მიეწოდება, თუმცა ხანგრძლივი წოლა კუნთების დაკარგვას იწვევს, რაც კოსმოსში დიდხნიანი მოგზაურობისას სერიოზული პრობლემაა.

გრავიტაციის ნაკლებობის გამო კოსმოსური მისიებისას ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილი განიცდის ცვლილებებს, თვალები იქნება ეს, გული თუ ძვლები. კვლევის შედეგად მეცნიერები გაარკვევენ, თუ როგორ რეაგირებს სხეული ამ ცვლილებებზე, თუკი დიდი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზაში დარჩება.

შედეგად, შესაძლოა, ასტრონავტთა ჯანმრთელობისათვის სამომავლოდ გამოსავალიც ვიპოვოთ. ამას გარდა, მიგნებები სხვადასხვა სამედიცინო პრობლემისათვის უკეთესი სამკურნალო საშუალებების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.