საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის პარტნიორობით, წელს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა მეოთხე ნაკადს მასპინძლობს. სტარტაპების აქსელერაციის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

შერჩეული მონაწილეები საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად ბიზნესის განვითარების, ფონდების მოზიდვისა და ზრდის სტრატეგიების შემუშავებაზე აქტიურად მუშაობენ.

500 Georgia-ს პროექტში მონაწილეთა შორისაა Murmur-იც — ემინ ალიევის მიერ დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ციფრულ რეკლამებთან შედარებით, უფრო მეტად ეფექტურ, გარე რეკლამის განთავსების ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს.

სტარტაპის საქმიანობის შესახებ მის დამფუძნებელს, ემირს გავესაუბრეთ. როგორც თავად გვიყვება, Murmur-ის შექმნის იდეა სამუშაო პროცესში შექმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით გაუჩნდა,

"მე ვარ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ვმუშაობდი როგორც Cisco-ს, ასევე IBM-ის კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად. შემდეგ ერთ-ერთი სტარტაპის სათავეში აღმოვჩნდი. ჩემი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში ძალიან ხშირად ვაწყდებოდი ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ მსურდა, მომეძებნა ისეთი გამოსავალი, რომელიც ოფლაინ რეკლამას Facebook-ისა და Google-ის რეკლამების მსგავსად ეფექტურს გახდიდა", — გვიყვება ემირი.

სწორედ ამ მიზნით, Murmur-ი ბიზნესებს რეკლამასთან დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურ გადაჭრას კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს.

"დღეს კომპანიები 4 მილიარდამდე ადამიანს ვერ წვდებიან, რადგან ისინი ხშირად ედბლოკერებს იყენებენ, რაც იწვევს 22 მილიარდამდე დოლარის პოტენციური შემოსავლების დაკარგვას. ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური გადაწყვეტა კი ამ პრობლემის გადაჭრას გარე რეკლამების პერსონალიზებით ისახავს მიზნად", — განმარტავს ის.

რას ნიშნავს ეს?

კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიის გამოყენებით, Murmur-ი რეკლამის პერსონალიზებას აუდიტორიის სქესის, ასაკის, მდებარეობისა და ქცევის მიხედვით ახდენს. მათი გადაწყვეტა საშუალებას აძლევს ბიზნესს, მიაღწიოს სამიზნე აუდიტორიას 35-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ციფრული რეკლამა ახერხებს.

"ჩვენი სარეკლამო მენეჯერის პორტალი გთავაზობთ რეალურ დროში კამპანიის ანალიტიკას, რომელიც ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს კამპანიის ეფექტურობის გასაზომად, რასაც გამოხატული რეაქციების, ნახვების, მდებარეობის, სქესის და ასაკის მიხედვით ახდენს", — აღნიშნავს ემინი.

როგორც გვიყვება, სტარტაპი სულ ორი წლის წინ, 2021 წელს შეიქმნა. ყველაზე დიდ სირთულეს კი ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, შემდეგ უკვე კლიენტების აღმოჩენა და მომხმარებლებამდე ამ ღირებულებების ადეკვატურად მიტანა წარმოადგენდა. თუმცა, სტარტაპმა ბაზარზე ჩაშვებიდან ძალიან მალე მომხმარებლების მხრიდან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

ემინი აღნიშნავს, რომ სტარტაპი ახლა ზრდისა და განვითარების ეტაპზეა, "ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი პროდუქტი, გვყავს აქტიური მომხმარებლები და ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ".

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა, 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მიეღო მონაწილეობა.

"ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი. ვფიქრობთ, რომ 500 Georgia-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება", — აღნიშნავს ემინი და განმარტავს, რომ პროგრამის ფარგლებში გლობალურ ქსელზე წვდომა და საერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებული რჩევები ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ბიზნესებს ბაზარზე გაფართოებასა და საკუთარი ნიშის დამკვიდრებაში ეხმარება.

სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას კი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. "სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ პროდუქტის დანერგვას თბილისში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში", — ამბობს ის.