ყაბარდო-ბალყარეთში ასობით აქტივისტი შეიკრიბა, რათა ჩერქეზთა გენოციდის 159-ე წლისთავზე დაღუპულებისთვის პატივი მიეგო და კავკასიის ომის დასასრული აღენიშნა. ადგილობრივი ხელისუფლება ღონისძიების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა.

მსვლელობა ყაბარდო-ბალყარეთის ადიღეური საზოგადოებრივი გაერთიანების საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

RFE/RL-სთან ინტერვიუში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ასლან ბეშტომ განაცხადა, რომ მის ჯგუფს მსვლელობის გამართვაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ მათ განაცხადის ფორმა არასწორად ჰქონდათ შევსებული.

როგორც ბეშტოს უთხრეს, განაცხადის ფორმაში პასპორტის ინფორმაცია და ასაკიც უნდა ყოფილიყო მითითებული. მისი თქმით, წინა წლებში მსგავსი მოთხოვნა არ არსებობდა.

ჩერქეზთა გენოციდის ხსოვნის დღის აღნიშვნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შარშანაც აკრძალა.

ყაბარდო-ბალყარეთში ბალყარელები და ყაბარდოელები ცხოვრობენ (ჩერქეზების ქვეჯგუფი და 12 ძირითადი ჩერქეზული ტომიდან ერთ-ერთი). ჩერქეზთა გენოციდი მე-19 საუკუნის კავკასიური ომის კულმინაცია იყო. სწორედ ამ სამხედრო კონფლიქტს მოჰყვა რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ოკუპაცია.

რუსეთ-ჩერქეზული ომის დროს რუსულმა ძალებმა ასობით ათასი ჩერქეზი მოკლეს. ჩერქეზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კი ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს.

აქციაში მონაწილე ჩერქეზმა აქტივისტმა OC Media-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მსვლელობაში 1500-2000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ მსვლელობა სიცოცხლის ხის მონუმენტთან დაასრულეს — მონუმენტი კავკასიის ომის მსხვერპლებისთვის პატივის მისაგებად 2004 წელს აიგო. ადგილზე მონაწილეებმა ტრადიციული ჩერქეზული მუსიკა შეასრულეს.

ყაბარდო-ბალყარეთის ეროვნებისა და საზოგადოებრივი პროექტების სამინისტრომ საკუთარი ღონისძიებაც ჩაატარა, რომელიც, აქტივისტის თქმით, უფრო პრორუსული იყო. ღონისძიებაზე გაისმა ძველი ჩანაწერები ჩერქეზულ ენაზე, სადაც მეცხრამეტე საუკუნის ჩერქეზი დიდგვაროვნები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ "როგორ კინკლაობდნენ ერთმანეთში, რა საშინელ საქმეებს ჩადიოდნენ და, შესაბამისად, ასეთ ბედს იმსახურებდნენ".

"როდესაც ოფიციალური გამოსვლების დრო დადგა, წავედი, რადგან დავიღალე ერთი და იმავე რიტორიკის მოსმენით წლიდან წლამდე: დიახ, იყო ომი, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე დიდი რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგია, მოდით, ერთად ვიცხოვროთ", — განუცხადა აქტივისტმა OC Media-ს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.