კონსტიტუციურად, კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორი ვართ ვიცით, მაგრამ წარმოიდგინე, შენს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას არა კანონით, არამედ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით იღებს, შენ კი სიმართლის დასამტკიცებლად ვერაფერს აკეთებ...

იურისტი, გიორგი მშვენიერაძე, განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს მთავარი საზომი ზუსტად ისაა, რამდენად ახერხებს, დაიცვას რიგითი ადამიანი მის მიმართ არსებული პოლიტიკური მოტივებისგან.

დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლო არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად, ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში კი — სასამართლო ხელისუფლების სახელით ადამიანის დასასჯელად.

გიორგი მშვენიერაძე

გვეუბნება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესმა სასამართლო ხარისხის გაუმჯობესებას თავისთავად შეუწყო ხელი, საქართველოს კი ასეთი გამოცდილება არ აქვს. ფუნდამენტურ პრობლემას საზოგადოების აღქმაში ხედავს, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და როგორი იქნება მათი ცხოვრება ასეთის არსებობის პირობებში.

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ძნელია ადამიანები დაარწმუნო, რატომაა კარგი ის, რაც მათ ჯერ არ უნახავთ არსად. მეორე მხრივ, საზოგადოებამ იცის, სად ცხოვრობენ ადამიანები კარგად, სად არის კეთილდღეობა.

კეთილდღეობა არის დასავლეთში, ევროკავშირში, აშშ-ში, ინგლისში, იმიტომ, რომ იქ დემოკრატია ფუნქციონირებს. არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის", — ამბობს მშვენიერაძე.

(არა)სამართლიანი სასამართლო საქართველოში

უკვე წლებია, რაც ადგილობრივ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კრიტიკის საგანია. კორუფცია, ნეპოტიზმი, ე.წ. კლანი, პოლიტიკური გავლენები, ეს ის თემებია, რომელსაც ხშირად ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, სისტემური რეფორმების გატარება კი ხელისუფლების მიმართ სამოქალაქო სექტორის მთავარი მოწოდებაა. სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკური, კლანური, კერძო, ვიწრო, კასტური ინტერესებით მიიღება — გვეუბნება სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე და განმარტავს, რომ რამდენიმე მოსამართლე ამას საზოგადოებრივ ინტერესესს სწირავს. ამის ძირითად მიზეზად დღევანდელ ინსტიტუციურ მოწყობას ასახელებს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც ჭარბი ძალაუფლების მქონე ორგანოს, საზოგადოების წინაშე დაბალი ანგარიშვალდებულება აქვს და იქ უმრავლესობას ქმნიან მოსამართლეები, რომლებიც სწორედ კლანური ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

პრობლემურია სისტემის ჩაკეტილობაც. იმნაძის თქმით, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა საქმეების განხილვას აჭიანურებს და მოქალაქეები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ახერხებენ ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების მიღებას. იურისტი ამას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკურ განწყობებს. მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო უკიდურესად დახურული ინსტიტუციაა — გარედან ადამიანების მოხვედრა შეუძლებელია და მხოლოდ შიდა კადრების დაწინაურება ხდება.

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

"იმისთვის, რომ ადამიანი დაინიშნოს მოსამართლედ, დღეს მან კვალიფიკაციის თუ კეთილსინდისიერების ნაცვლად, უნდა აჩვენოს ლოალურობა სისტემის მიმართ. ამიტომაც, ეს, ცხადია, იწვევს სისტემის დახურულობას და იმასაც, რომ გარკვეული ვაკანტური პოზიციები ნარჩუნდება.

ამავროულად, შიგნით არსებულ გავლენიან ჯგუფს ყოველთვის აწყობს, რომ იყოს სისტემაში შიგნით ვაკანტური პოზიციები — რომ მუდმივად არსებობდეს ბერკეტი ვიღაცების წახალისების, რომ თანაშემწე დანიშნონ მოსამართლედ, ან ერთი მოსართლე სხვა რეგიონის სასამართლოდან გადმოიყვანონ სხვა, ცენტრალურ რომელიმე დიდ ქალაქში, რაც ერთგვარი წახალისების მექანიზმია", — განმარტავს იმნაძე.

საქართველოს სასამართლო გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი კი აღნიშნავს, რომ ე.წ კლანური მმართველობა მთლიანად სისტემას და მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს და სასამართლოს ეფექტიანობასაც ემუქრება.

მისი განმარტებით, კლანური მმართველობის დროს წინა პლანზე პოლიტიკური ინტერესები ინაცვლებს და პრიორიტეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდება ხდება, რადგან გავლენიანი ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ ამ გავლენების შესანარჩუნებლად და არაფერს სისტემის განვითარებისთვის.

დამოუკიდებელი სასამართლო ვერ გვექნება იქამდე, სანამ კლანი არსებობს.

ნაზი ჯანეზაშვილი

სანქციები, ანუ აშშ-ის პასუხი კორუფციისთვის

სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ სასამართლო სამართლიანია. მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, გვესაუბრება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდაზე და აქტიურად იცავს გავლენიანი მოსამართლეების სახელს. ხაზს უსვამს, თითქოს სასამართლოს პრობლემებზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები საუბრობენ. თუმცა, ასე არ არის და ეს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ბოლო გადაწყვეტილებითაც დასტურდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 5 აპრილს დაასანქცირა — ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიზეზად აშშ-მ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დაასახელა და განმარტა, რომ ამით სანქცირებულებმა სამართლის უზენაესობასა და სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას მიაყენეს ზიანი. გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ზე თავდასხმების კასკადი და მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის სამჯერ ჩაგდება მოჰყვა.

"ვიღაცამ უნდა გასცეს პასუხი მოსამართლეების ქმედებებს", — გვითხრა ჯანეზაშვილმა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯის შეფასება ვთხოვეთ. იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი სანქციებს ემხრობა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

"როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს ამბობს, შიგნით სხვა სისტემა, იგივე პროკურატურა თუ სხვა რამ, აბსოლუტურად მხარდაჭერას უცხადებს მოსამართლეების ჯგუფს, რომლებსაც გავლენები აქვთ, ბუნებრივია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, რომ ვიღაცამ რეაგირება მოახდინოს. ამიტომ, სანქციებს თავისი ეფექტი აუცილებლად ექნება, რაც დრო გავა, უფრო მეტად ექნება. დარწმუნებული ვარ და მე იმედი მაქვს, რომ თვითონ მოსამართლეებიც გაიაზრებენ ამ ყველაფერს", — ამბობს ის.

გურო იმნაძე გვეუბნება, რომ სანქცირება სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა არა მხოლოდ ამ სიაში მოხვედრილთათვის, არამედ მთლიანად სისტემისთვის და სამწუხაროა ის, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყოლია. ფიქრობს, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესებულიყო იმ მოსამართლეთა საჯარო გამოსვლებით, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად შანტაჟზე ან მოსყიდვის მცდელობაზე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის არშექმნას, როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამან კიდევ გამოაჩინა ხელისუფლებისა და სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფების ახლო კავშირები.

მშვენიერაძის თქმით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯი მთლიანად სასმართლო სისტემის სანქცირებას არ ნიშნავს. აღნიშნავს, რომ აშშ-მ სწორედ ის მოსამართლეები შეარჩია, რომლებიც კლანურ მმართველობასა და კოოპერატივიზმს წარმოადგენენ.

"შესაბამისად, ისინი, რომლებსაც არ მოსწონთ კლანური მმართველობის მოდელი, არ მოსწონთ ის გარემო, რომელშიც მუშაობა უწევთ, ეს მათთვის არ არის სანქცია, არამედ ეს არის დახმარება, რომ მომავალში უკეთეს სისტემაში მოახერხონ საქმიანობა და მათი რეპუტაცია და ავტორიტეტი საზოგადოების თვალში დაცული იყოს. ამიტომ, არ უნდა ვისაუბროთ, რომ მოსამართლეებს ასანქცირებენ, ეს იყო კლანის სანქცირება იმ მავნე მმართველობის მოდელის გამო, რომელიც დღეს საქართველოს სასამართლო სისტემაშია დანერგილი", — გვითხრა მშვენიერაძემ.

ანტიამერიკული განწყობების დანერგვის მცდელობების მიუხედავად, სახელისუფლებო პროპაგანდაც კი ვერ უგულებელყოფს როლს, რომელიც აშშ-ს საქართველოში დემოკრატიულობის გაზრდასა და მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში აქვს.

"საუბარია, როგორც სასწავლო ვიზიტებზე, სახელმძღვანელოების თარგმნაზე, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტების თუ აკადემიური წრის დაპატიჟებაზე და ცოდნის გაზიარებაზე. ასევე, საუბარია არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელსაც ჩვენს მართლმსაჯულების, თუ სხვა ინსტიტუციებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად ემუშავათ", — ამბობს გურო იმნაძე.

ყანწი მანტიის ნაცვლად

თქვენი აზრით, როგორ აღნიშნავენ განვითარებულ ქვეყნებში მოსამართლის დღეს? საერთაშორისო კონფერენციებით, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვით და გაუმჯობესების პერსპექტივების დასახვით? შესაძლოა, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება.

15 მაისს, იმ დღეს, როცა ნაქეიფარმა მოსამართლებმა სხვადასხვა ნიჭის გამოვლენით, მათ შორის, სიმღერით, ლექსის გამოთქმით კითხვითა და ხუმრობებით "გამოიჩინეს" თავი, რეალურად, მოსამართლის დღე აღინიშნებოდა. შეიძლება თუ არა საზეიმოდ ჰქონდეს საქმე მოსამართლეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "კორუფციულ საქმეში ჩართულობის" გამო დაასანქცირა? ამ კითხვის პასუხად, თავად ამბობენ, რომ კი და სანქციების არ ეშინიათ.

მიზანი იყო, სანქცირებულ მოსამართლეებს ეჩვენებინათ, რომ სასამართლო კორპუსი არის მათ გვერდით, რომ ერთ მუჭად არიან შეკრული და რომ ამ ხალხის ერთობა არის ძლიერი და მყარი.

გურო იმნაძე

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, 2003 წელს მოსამართლის დღის დაწესების გადაწყვეტილება ამ პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღეს. ფიქრობს, რომ მათ ეს ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ზოგადად მოსახლეობასთან სხვადასხვა თემაზე სამსჯელოდ უნდა გამოეყენებინათ. წლევანდელმა 15-მა მაისმა კი ის არასერიოზული აღქმა გამოამჟღავნა, რომელიც შეკრებილებს საკუთარი პროფესიის მიმართ აქვთ.

"პრეზიდენტის ბრძანებულება ამისთვის არ დაიწერებოდა, რომ მოსამართლეს ექეიფა წელიწადში ერთხელ", — ამბობს ის.

გიორგი მშვენიერაძე გვეუბნება, რომ ამ დღის აღნიშნვა სასიამოვნო და საამაყო უნდა იყოს იმ თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეებისთვის, რომლებიც საკუთარი მანდატის სიმძიმესა და ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების მცველის პასუხისმგებლობას აცნობიერებენ.

"მაგრამ ჩვენ რასაც ვუყურეთ, ეს არ იყო ღონისძიება, სადაც დამოუკიდებელი მოსამართლეები სწორედ საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ მნიშვნელოვან როლს ზეიმობდნენ საზოგადოებაში. ეს იყო ღრეობა, რომელშიც სწორედ ამ კლანის ლიდერები წინ უძღოდნენ სუფრას, როგორც ჩანს. შემდეგ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უხერხული და მიუღებელი რამ ვნახეთ — მთვრალი მოსამართლეები იქცოდნენ ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოების წინაშე", — გვითხრა მან.

და მაინც, რაში გვჭირდება სასამართლოს სამართლიანობა

სამართლიანი სასამართლოს არსებობა არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც საქმეში მხარეებს წარმოადგენენ, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. როცა გვაქვს გარანტია, რომ სისტემაში პროცესები სამართლიანად, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენების გარეშე მიმდინარეობს, უფრო თავისუფლად და დაცულად ვგრძნობთ თავს, რადგან ვიცით — თუ ხელისუფლება ჩვენ მიმართ ძალაუფლებას გადააჭარბებს, ან კერძო გავლენიანი პირი დაგვაზარალებს, საქმეს სასამართლო გზით გადავჭრით. საბოლოო ჯამში კი, სასამართლოს გადაწყვეტილება ფასდება იმით, რამდენად სამართლიანად მიუდგა მოსამართლე ადამიანს.

ჯანეზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებისთვის სამუშაო პროცესი გახსნას და მასში უფრო ფართო ჯგუფების მონაწილეობა დაუშვას. აქვე უნდა ითქვას, რომ სასამართლო რეფორმაში ინკლუზიურობის გაზრდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო.

გური იმნაძე განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ პროკურორებისა და მოსამართლეების არ არის და მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვქონდეს, რომ ყოველდღიურ ურთიერთობებში ვართ იმ ზღვარზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სასამართლოში შეიძლება დასრულდეს. მისივე თქმით, ის, რომ დღეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ყოვლისმომცველი არ არის, არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ მიკერძოებული, არაკომპეტენტური პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლე არ განიხილავს ჩვენს საქმეს.

"იქნება ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, შრომითი დავები, საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, ბიზნესდავები, გარემოს დაცვის საკითხები, ყველაფერში, საბოლოო ჯამში, გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, ამიტომ, მისი არსებობა თითოეული მოქალაქის ინტერესშია და ეს მხოლოდ ვიწრო პროფესიული ჯგუფის თავის ტკივილი არაა", — ამბობს იმნაძე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამართლიანი სასამართლოს არარსებობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეგეხოთ პირადად თქვენც, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მიმართ და რამდენად ლოიალური ხართ. ასეთ პირობებში ვერასდროს იქნებით დაზღვეული, რომ მართული მოსამართლე იხელმძღვანელებს კანონით და ვიღაცის ინტერესს იმაზე მაღლა არ დააყენებს, ვის უჭერთ მხარს ან რამდენს სწირავთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.

თუ ადამიანს უნდა კეთილდღეობაში ცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობა, მაღალი შრომის ანაზღაურება, უკეთესი სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესი განათლების სისტემა, უსაფრთხო სახელმწიფო ჰქონდეს, ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, მოქალაქეებმა მოვახერხოთ, რომ ჩვენვე შევძლოთ და შევქმნათ ჩვენთვისვე უკეთესი სასამართლო სისტემა.

გიორგი მშვენიერაძე

არ დაგავიწყდეს, კონსტიტუციურად, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. წარმოიდგინე, რომ შენს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად იღებს...

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.