ბიბლიური წარღვნისა და ნოეს კიდობნის შესახებ, ალბათ, ყველას სმენია. თუ კარგად არ გახსოვთ, ყველაფერი, აი, ასე იყო:

"უფალმა ღმერთმა ინება მიწის პირისაგან ადამიანისა და ყოველი ხორციელის აღგვა წყლის წარღვნით. ნოეს კი უბრძანა კიდობნის გაკეთება. ასწავლა მისი მომზადება. შეიყვანა ნოემ კიდობანში ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა, ყველა წყვილ-წყვილად, წმიდა პირუტყვისაგან შვიდ-შვიდი წაიყვანა, უწმინდურისაგან ორ-ორი. შევიდნენ კიდობანში ნოე და მისი შვილები, ცოლები, რათა განრიდებოდნენ წარღვნას, მეშვიდე დღეს მოვიდა წარღვნა ქვეყნად (დაბ. 7. 7-10).

ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს დადგა წყალი და შეწყდა წვიმა. არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი და გამოჩნდა მთის მწვერვალები. ჯერ კიდევ იდგა წყალი მიწის პირზე და ვერ იპოვეს ბრჭყალის მოსაჭიდი ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებულმა ფრინველებმა. მეშვიდე დღეს ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან, დაბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე"(დაბ. 8. 11).

როგორც ხედავთ, საუბარია გლობალურ წყალდიდობაზე, რომელსაც, წესით, გეოლოგიური კვალი უნდა დაეტოვებინა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს წყალმა ყველაზე მაღალი მთებიც კი დაფარა. გეომორფოლოგიის პროფესორი, დევიდ მონტგომერი, აცხადებს, რომ მსგავსი მოვლენის გეოლოგიური მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს და ჩვენს პლანეტაზე ფიზიკურად არაა საკმარისი წყალი იმისთვის, რომ უდიდესი მთები დაეფარა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ატმოსფეროში არსებული სითხის მთელი მარაგი წვიმის სახით ხმელეთზე სრულად რომ მოხვდეს, ეს უკანასკნელი გლობალურად დაიფარება, მაგრამ წყალი მხოლოდ 2.5 სანტიმეტრი სიღრმის იქნება. ცხადია, მსგავსი დატბორვა მთების სიმაღლემდე ვერ მიაღწევს და უზარმაზარ კიდობანსაც ვერ აატივტივებს.

ფოტო: Gett

იმ შემთხვევაში, თუ ხმელეთზე არსებულ ყინულსაც ჩავთვლით, მისი დადნობით ზღვის დონე 60 მეტრს გადააჭარბებდა. ასევე, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დედამიწის ქერქში 22.6 მილიონი კუბური კილომეტრი მოცულობის წყალი ინახება, რომელიც ხმელეთზე გადანაწილებისას 180 მეტრ სიღრმეს მიაღწევდა, მაგრამ არის ადგილები, რომლებიც ზღვის დონიდან მრავალი მეტრით მაღლა მდებარეობს. შესაბამისად, ეს წყალიც კი არ იქნებოდა საკმარისი ევერესტის ან მასზე უფრო დაბალი მთების დასაფარად.

როგორც ცნობილია, ბიბლიური წარღვნის უკან უძველესი გადმოცემები დგას, რომლებიც სიტყვიერად ინახებოდა. ის სხვადასხვა წყაროდან უნდა მომდინარეობდეს, რადგან მსგავსი თქმულებები შუმერებშიც იყო გავრცელებული. ვარაუდობენ, რომ ნოეს ამბის შემთხვევაში, უფრო დამაჯერებელია, რომ საქმე რეგიონულ წყალდიდობასთან გვქონდეს, რომელიც ხალხის შთაგონებად იქცა და თქმულებებს დაედო საფუძვლად.

მაგალითად, 1990-იან წლებში მეცნიერებმა ჰიპოთეზა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 7 500 წლის წლის ხმელთაშუა ზღვამ შავ ზღვაში დაიწყო ჩადინება, რამაც სერიოზული დატბორვა გამოიწვია. სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა, წარღვნის ამბავს აქედან აეღო სათავე და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გავრცელებულიყო. მსგავსი გადმოცემები ამერიკის აბორიგენ მოსახლეობაშიც არსებობდა.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ნოეს ამბავში კიდევ მრავალი უზუსტობაა. მაგალითად, ის, რომ ეს ბიბლიური მამამთავარი წარღვნის დროს 600 წლის იყო, მაგრამ ადამიანებს ამდენხანს სიცოცხლე ფიზიკურად არ შეგვიძლია. ასევე, თუ ცხოველთა თითოეული სახეობიდან მხოლოდ 2-2 ინდივიდი გადარჩებოდა, იმათ არ ექნებოდათ საკმარისი გენეტიკური მრავალფეროვნება, რათა ამხელა პოპულაციები წარმოეშვათ.

დაბოლოს, როგორ შეძლებდა ყველა ეს ცხოველი ნოეს კიდობნამდე მისვლას? ანტარქტიდიდან შუა აღმოსავლეთამდე პინგვინთა გადაადგილება ძნელი წარმოსადგენია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.