ყველაფერი, რაც ფასის ლარით სავალდებულო გამოსახვაზე უნდა იცოდეთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

წელს, პირველი ივლისიდან, მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულო ხდება. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს.

ვინ და რატომ მოიგონა ეს?

ეს წესი საქართველოს მთავრობის ინიცირებული, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. ცვლილებები მომზადდა რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებისთვის, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის. ეს ყველაფერი ძალაში პირველ ივლისს შედის.

მთავრობის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანი, რეკლამირებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდაა, რაც, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვის ეხება ეს ცვლილებები?

ეს წესი სავალდებულოა ყველა მეწარმე სუბიექტისთვის — ანუ, ყველა იურიდიული პირისთვის (შპს, სააქციო საზოგადოება, ა.შ.) და ინდმეწარმეებისთვის.

ანუ, ინტერნეტში საკუთარი მობილურის გაყიდვისას, შემიძლია დოლარის დაწერა?

დიახ, არა-ინდმეწარმე ფიზიკურ პირებზე ეს მოთხოვნა არ ვრცელდება.

ხელშეკრულებებზე რა ხდება?

ხელშეკრულების გაფორმებისას, დოლარით ან სხვა უცხოური ვალუტით ინდექსირება აკრძალული არ არის და კვლავ დასაშვებია. ეს ცვლილებები ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.

მაგალითად, შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება, სადაც თანხად მითითებული იქნება “500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში” და ამით, კანონს არ დაარღვევთ.

B2B-საქმიანობაზეც ვრცელდება ეს წესი?

დიახ, არ აქვს მნიშვნელობა, რეკლამის ან შეთავაზების სამიზნე ვინ არის — ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

მაგალითად, თუ თქვენი კომპანია მოამზადებს ნებისმიერი ფორმის შეთავაზებას სხვა კომპანიისთვის, მიუხედავად იმისა, საჯაროდ ავრცელებთ ამ შეთავაზებას, თუ მხოლოდ პოტენციური კლიენტის თანამშრომელს უგზავნით პირადად — ფასი ლარში უნდა ფიქსირდებოდეს.

ზეპირ ურთიერთობაშიც იკრძალება დოლარის ხსენება?

არა, თუ მაგალითად, გაყიდვების აგენტი პირადად ან ტელეფონით უკეთებს მომხმარებელს შეთავაზებას, მას შეუძლია ფასის ხსენება სხვა ვალუტაში. იგივე ეხება პრომო-პერსონალს მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა შემთხვევებში.

თუ ჩემი კლიენტი უცხოური კომპანიაა?

უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობისას, უცხოური ვალუტების (დოლარი, ევრო, ა.შ.) გამოყენება დასაშვებია. ოღონდ, ასეთ დროს, სარეკლამო შეტყობინება არ უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

მაგალითად, თუ უგზავნით შეთავაზებას უცხოელ კლიენტს, შეგიძლიათ ფასი განსაზღვროთ დოლარში. ასევე, თუ უშვებთ რეკლამას ინტერნეტით, დამიზნებულს უცხოურ აუდიტორიაზე (რომელიც ჩანს მხოლოდ უცხოეთიდან), შეგიძლიათ დოლარის გამოყენება.

მაგრამ, თუ აპირებთ შეთავაზების მომზადებას უცხოური კომპანიის საქართველოში არსებული ფილიალისთვის, ფასი აუცილებლად ლარში უნდა იყოს დაფიქსირებული.

მხოლოდ ლარით გამოხატვაა აუცილებელი? თუ, პარალელურად, სხვა ვალუტის ხსენებაც შეიძლება?

არა, ლარის სავალდებულოდ გახდომასთან ერთად, სხვა ვალუტის გამოყენება აკრძალული ხდება. ანუ, ლარში ნაჩვენებ ფასთან ერთად, მის დოლარის ან სხვა ვალუტის ექვივალენტს, ვერ გამოსახავთ.

რა მოხდება, თუ დავარღვევ ამ წესს?

ასეთ შემთხვევაში, თქვენი კომპანია დაჯარიმდება. სხვა სანქციები კანონით გათვალისწინებული არ არის. ჯარიმა დაეკისრება იმ კომპანიას ან ინდმეწარმეს, რომელიც ფასის გამოცხადებისას ლარის ნაცვლად სხვა ვალუტას გამოიყენებს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს სანქცია დაეკისრება არა რეკლამის გამშვებს (მაგალითად, ტელევიზიას), არამედ — რეკლამის განთავსების დამკვეთს. შესაბამისად, მედია-საშუალება, ვებსაიტი ან, თუნდაც, აბრის დამამზადებელი კომპანია, არ იქნება ვალდებული, აკონტროლოს, რამდენად კანონთან შესაბამისობაში იქცევა მისი დამკვეთი.

რამდენია ჯარიმა?

პირველი დარღვევის დროს, თქვენ არ დაჯარიმდებით და შემოსავლების სამსახური მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

თუ დარღვევას გაიმეორებთ, 1 000 ლარით დაჯარიმდებით. ყოველი მომდევნო დარღვევა კი — 5 000 ლარი დაგიჯდებათ.

რამე გამონაკლისები არსებობს?

კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ამ რეგულაციაში გათვალისწინებულია ბევრი გამონაკლისი. მათ შორისაა:

  • ავიაბილეთები, სასტუმრო ან ტურისტული მომსახურება (თუ კომუნიკაცია უცხოურ ენაზე ხდება);
  • აზარტული თამაშები;
  • ტვირთების გადაზიდვა;
  • როუმინგული და დაზღვევის მომსახურება უცხოეთში;
  • მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება არარეზიდენტისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გამონაკლისების სრული სია იხილეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში.


დისკუსია: ექნება ფასის ლარით სავალდებულო გამოსახვას დადებითი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე?

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს

მოკლედ: ევროპარლამენტარებმა — დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა ერთობლივი…