15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე, ბრავო რექორდსისა და Altervision Group-ის ორგანიზებით, ირაკლი ჩარკვიანის საღამო - ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია გაიმართება.

საღამოს მსვლელობისას, მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

  • საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით,
  • სტეფანე,
  • ოთო ნემსაძე,
  • გვანცა ჯაფარიძე,
  • ნინა სუბლატი,
  • ლევან მასპინძელაშვილი,
  • მარიკო ლეჟავა,
  • მაია დარსმელიძე,
  • თიკა ბალანჩინი & New One Band,
  • SOFT EJECT,
  • GREEN ROOM,
  • NEW ONE
  • რობი კუხიანიძე & OUTSIDER,
  • LoudSpeakers
  • EKO & VINDA FOLIO.

"ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტს ვაკეთებთ. ყოველთვის გვინდოდა ქართველი შემსრულებლებისთვის დაგვეთმო ბლექ სი არენას სცენა და დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ სწორედ ირაკლი ჩარკვიანი იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მთელ საქართველოს და 8 ათასზე მეტ ადგილიან დარბაზს გაავსებდა. იმედი გვაქვს სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი შემსრულებლის კონცერტით გავანებივრებთ მაყურებელს", - ამბობს ბლექ სი არენას დირექტორი ანი კავლელიშვილი.

კონცერტის მსვლელობის დროს, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები გავა, საღამოს წამყვანი კი მომღერლის მამა გელა ჩარკვიანი იქნება.

"მე, როგორც ირაკლის მამა ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით. მიხარია, რომ ირაკლი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება, მით უმეტეს მის შემოქმედებას ასეთი შემადგენლობით შეასრულებენ სცენაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს და იმ ადამიანებს ვის გონებაშიც ეს იდეა პირველად ჩაისახა," გვითხრა გელა ჩარკვიანმა.

ირაკლი ჩარკვიანი ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პოეტი და მწერალი იყო, რომელმაც მუსიკალურ კარიერას 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად დაიწყო. ირაკლის სოლო კარიერა სიმღერით War is Over დაიწყო, 1993 წელს კი, მისი პირველი სოლო ალბომი - Svan Songs გამოიცა. 1999 წელს მისი რიგით მეორე სოლო ალბომი - აფრენ გამოვიდა, შემდეგ კი - ალბომი ამო, სადაც შესულია მომღერლის ორი ცნობილი ჰიტი: სექსი და ორღანი 78.

ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს გარდაიცვალა.

ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი საიტზე - biletebi.ge-ზე, მისი ფასი 10 ლარიდან დაიწყება, მაქსიმალური ფასი კი 60 ლარი იქნება.