პარლამენტარი რომან გოცირიძის კადრები, სადაც ის სელფის გადაღებას ცდილობს საქართველოს საზღვრებს გასცდა, ინდოეთის ოკეანე გადალახა და ავსტრალიურ MTV-ზე აღმოჩნდა.

ბიონსეს მამის პოსტის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, რომელშიც მოთხრობილია, რომ ბიონსეს მამამ ინსტაგრამზე ტყუპების გაჩენა დაადასტურა, წამყვანი პარალელს რომან გოცირიძის ვიდეოსთან ავლებს და ამბობს, რომ მამების თაობას ინსტაგრამზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევთ.

გოცირიძის ვიდეო Reddit-მაც აიტაცა, /gif-ის ქვეგანყოფილებაში დადებულ პოსტს ამჟამად 75 ათასზე მეტი upvote აქვს მიღებული და 1100-ზე მეტი კომენტარი აქვს.

რედიტორებს (*რედიტის მოხმარებლები) რომან გოცირიძის ქცევაზე სხვადასხვა ვერსია აქვთ, ერთ-ერთი იუზერი ვარაუდობს, რომ პარლამენტარი, შესაძლოა პანორამას იღებს და არა სელფის. ხოლო მეორე მომხმარებელი ამბობს, რომ გოცირიძე ჭკვიანურად იქცევა, რადგან უკანა კამერა ბევრად კარგი ხარისხის ფოტოებს იღებს და შესაძლოა, გოცირიძეს კარგი ხარისხის სელფი უნდოდა.

ქართველი პარლამენტარისა და ტელეფონის ურთიერთობას, ძირითადად, პოზიტიური გამოხმაურება აქვს.

როგორც ჩანს, ქართველმა დეპუტატმა ავსტრალიელი ქალების ყურადღებაც მიიქცია. გოცირიძე წერს, რომ მას ავსტრალიელები მოსვენებას არ აძლევენ და კენგურუსთან გადაღებულ ფოტოებსაც კი უგზავნიან.