საზოგადოებრივ მაუწყებელში რვა ანალიტიკოსი მუშაობს. მათი ნაწილის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებების მიმდინარეობისას შეუძლია. ანალიტიკოსებიდან სამი, მაუწყებელმა ბოლო რამდენიმე დღეში დაასაქმა და მათ შესახებ ინფორმაცია On.ge-მ საჯარო ინფორმაციის სახით ვერ მიიღო.

ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ტატო ხუნდაძეა. თავდაპირველად, რვაწევრიან ანალიტიკურ სამსახურში რევაზ ქოიავა, მერაბ ჯანიაშვილი, ბაქარ ბერეკაშვილი და შოთა თხელიძე დასაქმდნენ. მოგვიანებით, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა გადაცემებიდან ქეთი თევზაძე (გადაცემა ვექტორი) და ზვიად ავალიანი (გადაცემა არგუმენტების დრო) დაემატნენ. ამავე სამსახურს ბოლოს ნინო ხელაია შეემატა.

ანალიტიკოსები, ძირითადად, ამავე არხის ჟურნალისტებს სხვადასხვა თემის შესახებ ინტერვიუს აძლევენ და გამოყენებულნი არიან რესპონდენტებად. მათ კომენტარებს, სხვადასხვა საკითხის გაშუქების დროს მოამბე ანალიტიკოსების მოსაზრებებად სთავაზობს მაყურებელს. თუმცა, მათივე მოვალეობაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ანალიტიკის განყოფილებისთვის მასალების მოზადება.

"ეს ხალხი სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს, ზოგი საერთაშორისო, ზოგი ეკონომიკის, ზოგი სოციალურ სფეროზე და ა.შ. ესენი არიან ჩვენი ანალიტიკოსები, რომლებსაც ვიყენებთ, რომ ჩვენს ჟურნალისტებს დაეხმარონ", - ამბობს მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე On.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ არხი ცდილობს "მიმართულების ჟურნალისტიკა" განავითაროს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ანალიტიკოსების ვინაობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, არ გასცემს. თუმცა, მოწერილი წერილით ირკვევა, რომ არსებობს ანალიტიკური სამსახური, რომლის ხელმძღვანელისა და კიდევ ოთხი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად, ჯამში, 11 500 ლარია (მაისის თვე). აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის ივნისში დასაქმებული სამი ანალიტიკოსის ხელფასი.