რეალობასა და ეკრანებზე თინეიჯერების ცხოვრება მოსალოდნელი გამოწვევებითაა სავსე — უფროსებთან უთანხმოება, პირველი სიყვარული, მარტოობის განცდა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ. თუმცა იაპონელი რეჟისორის, მაკოტო შინკაის, ანიმეებში ამ სიას დროსთან დაპირისპირება, ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლა, სამყაროს გადარჩენის ვალდებულება და ხანდახან მორბენალი სკამი და მოლაპარაკე კატაც კი ემატება.

სუზუმე მაკოტო შინკაის 2022 წლის ნამუშევარია, რომელიც კიდევ ერთხელ გვითრევს რეჟისორის უზარმაზარ, უხვი ფერებით მდიდარ ჯადოსნურ სამყაროში, რომლისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელია. ანიმე 17 წლის სუზუმეზე გვიყვება, რომელიც შემთხვევით მითურ ქმნილებას გაათავისუფლებს. ანცი ქმნილება, რომელსაც ფილმში უსაყვარლესი მოლაპარაკე კატის სახით ვეცნობით, იაპონიის ირგვლივ მოგზაურობს და მიტოვებულ ადგილებში არსებულ ჯადოსნურ კარებს აღებს. კარების მიღმა იმქვეყნიური სამყარო იმალება, რომლიდან გადმოსული ურჩხულიც იაპონიას განადგურებით ემუქრება.

ფილმის დაწყებისთანავე სუზუმე იდუმალ ბიჭს, სოტას, ხვდება, რომელსაც ამ კარების ჩაკეტვა ევალება. თავიდან შეიძლება იფიქრო, რომ მთელ 2 საათს სუზუმესა და მომხიბლავი სოტას ფლირტის ყურებაში გაატარებ, თუმცა მწარედ შეცდები, რადგან სოტა ძალიან მალე, არც მეტი, არც ნაკლები, საბავშვო სამფეხა სკამად გადაიქცევა.

ასე იწყება სუზუმეს, მოლაპარაკე სკამისა და ცუღლუტი კატის თავგადასავალი, თუმცა ამ მშვენიერ ანიმეს მხოლოდ მოკლე შინაარსის მოყოლით ვერ ამოვწურავ.

სუნთქვისშემკვრელი სანახაობა და ფერების დღესასწაული

ფოტო: Toho

როგორც კი გავიგე, რომ მაკოტო შინკაი ახალ ანიმეზე მუშაობდა, მაშინვე მოვემზადე ისეთი სანახაობისთვის, რომელიც თვალის დახამხამებას, სუნთქვასა და რეალობას დამავიწყებდა. შინკაი გამოცდილი ჯადოქარია, რომელსაც წვიმის, საჭმლის მომზადების, მოგზაურობისა და ყოველდღიურობის ამსახველი ყველაზე მოსაწყენი სცენების შთამბეჭდავ სანახაობად ქცევა შეუძლია. ამ ყველაფერს ჯადოსნურ კარს მიღმა არსებული სამყარო, იაპონიის ცაში გამართული ბრძოლები და საკუთარ თუ სხვების წარსულზე სუზუმეს ხილვები ემატება — შედეგად თითქმის ორსაათნახევრიან თავგადასავალს ვიღებთ, რომლისთვისაც თვალის ერთი წამით მოწყვეტაც კი შეუძლებელია.

ანიმეს შინაარსს საერთოდ რომ არ დაუკვირდე, იქიდან ერთი სიტყვაც კი რომ ვერ გაიგო, სუზუმეს ვიზუალებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დროებით სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდე და ანიმეს დასრულების შემდეგ ცოტა ხნით მიტოვებული რეალობით იმედგაცრუებული დარჩე.

დანაკარგი და ჭრილობების მოშუშება

ფოტო: Toho

სუზუმეს სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო იაპონიის 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრა გახდა. ფილმის დასაწყისშივე ვიგებთ, რომ სუზუმეს დედა კატასტროფას შეეწირა, დაობლებული პატარა სუზუმე კი მას დიდი ხნის განმავლობაში მაინც დაუღალავად ეძებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი ფილმში უკვე თინეიჯერია, მისი ჭრილობები ჯერ კიდევ არ შეხორცებულა — სწორედ ამის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ კარები სწორედ მიწისძვრისას განადგურებულ და მიტოვებულ ადგილებში იღება. მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფიდან დიდი ხანი გავიდა, ღრმად დამალული ჭრილობები ჯერ არ შეხორცებულა.

სწორედ დანაკარგისათვის თვალის გასწორებაა სუზუმეს ჯადოსნური თავგადასავლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ჭრილობების მოშუშებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა კი — ბოლო გაჩერება ფილმისთვის, მაგრამ არა სუზუმესთვის — მერე რა, რომ ამას მაყურებელი ვეღარ ნახავს.

მოულოდნელი იუმორი და ახითხითებული კინოდარბაზი

ფოტო: Toho

დამანგრეველი მიწისძვრა, სუზუმეს წარსული და სამყაროს გადარჩენა მსუბუქი თემები ნამდვილად არაა. იმისათვის, რომ ეკრანის წინ ცრემლებად არ დავღვრილიყავით, რეჟისორმა გადაწყვიტა, ფილმში კომიკური ელემენტებიც შემოეტანა. ბიჭი, რომელიც სკამად იქცევა, მოუსვენარი კატის დევნა, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი, სახელად, სერიზავა და მისი ჭირვეული მანქანა — გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ დარბაზში პერსონაჟების ხმას ვერშეკავებული სიცილი ხშირად ახშობდა.

ზღაპრულზე უფრო ზღაპრული საუნდტრეკები

სუზუმეს ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ჯადოსნური საუნდტრეკებია, რომლებმაც Stranger Things, ჰანს ციმერი და Studio Ghibli-ის ანიმეები გამახსენა. სერიზავას მანქანაში ჩართულ იაპონური სიმღერები და ჟრუანტელისმომგვრელი კომპოზიციები საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ სუზუმე ყურებსაც ისევე ატკბობს, როგორც თვალებს.

ლგბტქ სიყვარულის ისტორია, რომელიც წაგვართვეს

ფოტო: Toho

მაკოტო შინკაის თქმით, თავდაპირველი ჩანაფიქრით, ფილმში სუზუმეს "სასიყვარულო ინტერესი" გოგო უნდა ყოფილიყო, თუმცა პროდიუსერებმა ამის ნება არ დართეს. პროდიუსერების აზრით, ფილმი უფრო მეტად მომგებიანი იქნებოდა, თუ სუზუმეს ბიჭი შეუყვარდებოდა.

რეჟისორის თქმით, ფილმისთვის სუზუმესა და სოტას გენდერს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა რადგან მის წინა ფილმებში ერთმანეთი გოგოსა და ბიჭს უყვარდებოდათ, ამჯერად უნდოდა, ანიმეში ორი გოგოს სიყვარულის ისტორია მოეყოლა. მას შემდეგ, რაც ამის ნება არ დართეს, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო: სოტა თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში საბავშვო სკამში გამოამწყვდია. ამის გამო, წინა ნამუშევრებთან შედარებით, სუზუმეში რომანტიკული ხაზი ფაქტობრივად განუვითარებელი რჩება, რაც მაყურებელთა ნაწილს არ მოეწონა. ვნახოთ, იქნებ ასეთი რეაქციის შემდეგ რეჟისორს პერსონაჟების ურთიერთობების განვითარების თავისუფლება მისცენ. თუ არადა, შეიძლება მომდევნო სასიყვარულო ინტერესი მაგიდა ან კიბე აღმოჩნდეს.

საბოლოოდ, თამამად ვიტყვი, რომ სუზუმემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. შენი სახელი ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი ანიმეა, რომელიც ჩემ გარდა, მსოფლიომ, მათ შორის, დასავლეთმაც აღიარა. ასეთი მასშტაბური ნამუშევრის შემდეგ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შექმნა ძალიან რთულია, თუმცა შინკაიმ ნაცნობი თემები და სიუჟეტები ისე შეათამაშა და შეაზავა, რომ კიდევ ერთხელ გამახსენა, რატომ მიყვარს ანიმაციის მედიუმი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონური ანიმე — ეს ხომ ახდენილი ოცნებების, მაგიური რეალიზმისა და თვალისმომჭრელი ფერების სამყაროა.