ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი დღეს 50 წლის გახდა. მსახიობი, რომლის კარიერაც თითქმის 30 წელს ითვლის, ჰოლივუდის ვარსკვლავურ ელიტაში 2001 წელს გადავიდა, როდესაც ბაზ ლურმანის ფილმში მულენ რუჟი მთავარი როლი შეასრულა და ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო.

თუმცა ის არც მანამდე განიცდიდა პრესის ყურადღების ნაკლებობას. სტენლი კუბრიკის ფილმში, ფართოდ დახუჭული თვალები, შესრულებული როლის შემდეგ, ამერიკული და ევროპული პრესა ახალი ვარსკვლავის დაბადებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

საერთაშორისო კინოკრიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ნიკოლ კიდმანიც თვლის, რომ 2017 წელი მის კარიერაში საუკეთესო წელია, სხვა თუ არაფერი ის წელს გამოსულ ორ მთავარ კინოსურათში, სოფია კოპოლას ფილმში The Beguiled და იარგოს ლანთიმოსის The Killing of a Sacred Deer, მთავარ როლებს ასრულებს.

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბოლო წლები საუკეთესო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ორმოცდაათის მერეc ყველაფერი წინ არის", ამბობს კიდმანი.

კინოკრიტიკოსები კიდმანს კოპოლას ფილმში შესრულებული როლისთვის ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ.

"ახლა, როცა ჩემი კარიერა ასეთი დატვირთული და საინტერესოა, თავს ისე ვგრძნობ როგორც 21 წლის ასაკში, მაშინ როდესაც მსახიობობას ვიწყებდი. ერთადერთი განსხვავება რაც მაშინდელ და ახალ ნიკოლს შორის არის როლების არჩევაა", ამბობს კიდმანი.

მსახიობი ინტერვიუს დროს საკუთარ ოცნებაზეც საუბრობს:

"როგორც მსახიობს მსურს, წლების შემდეგ ისევ ისეთი აქტიური კარიერა მქონდეს როგორც ახლა და ვიმუშაო უფრო მეტ ქალ რეჟისორთან ვიდრე ახლა", ამბობს კიდმანი.

2017 წლის მსგავსად დატვირთული იქნება კიდმანის შემდეგიც წელი, ამ ეტაპზე ის სამ როლზეა დამტკიცებული, მათ შორის ფილმში Aquaman, სადაც ჯეისონ მომოას დედის, დედოფალი ატლანტას როლს შეასრულებს.