კოსმიზმი სპეკულატიური მეცნიერული ფილოსოფიაა, რომლის აზრით ჩვენ უნდა ავითვისოთ კოსმოსი, მეცნიერებისა და ტექნოლიგიების გამოყენებით გადავიქცეთ ღვთისდარ პლანეტთაშორის ცივილიზაციად და წავუძღვეთ კოსმოსის ევოლუციას. ის ანთროპოცენტრულია, ვინაიდან სამყაროს ცენტრში ადამიანს აყენებს.

თანამედროვე კოსმისტები მუშაობენ ისეთ თემებზე როგორიცაა: ადამიანის გაუკვდავება ტექნოლოგიების გამოყენებით, პლანეტის ყველა მკვდრის გაცოცხლება (მე-19 საუკუნის მოაზროვნის, ფიოდოროვის იდეა) და ოცნება, ვიქცეთ პლანეტათაშორის ცივილიზაციად; ეს საჭიროებს ძველი ფილოსოფიებისა და ეთიკის რადიკალურ გადახედვას. კოსმისტები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და არის ამაში რაღაც მიმზიდველიც და სევდიანიც, ერთდროულად.

ამ ყველაფერზე მსოფლიოში ცნობილ იტალიელ კოსმისტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა ვირტუალური რეალობის კონსულტანტს, მწერალს, ფუტურისტსა და ტრანსჰუმანისტს, ჯულიო პრისკოს ვესაუბრე.

რა არის ჩვენი კოსმოსური ბედისწერა კოსმიზმის აპოლოგეტის გადმოსახედიდან? და როგორ მივაღწევთ მას თუკი ვცხოვრობთ პატრიარქალურ, მონოთეისტურ ჯოჯოხეთში, რომელიც სავსეა ომებით, გლობალური დათბობით, სიძულვილითა და სიღატაკით? გვაქვს კი მცირედი შანსი მაინც რომ გავაუქმოთ რეგრესის ეს გრავიტაცია და მივაღიოთ ვარსკვლავებამდე – ჩვენს ნამდვილ სამშობლომდე?

ჩვენი კოსმიური ბედისწერაა გავხდეთ განვითარებული ვარსკვლავთშორისი ცივილიზაცია და ვითამაშოთ გადამწყვეტი როლი სამყაროს ევოლუციაში. სადღაც მაგ დროს, ჩვენ გავხდებით ღმერთისდარი არსებები, განვახორციელებთ რელიგიების ყველა დაპირებას და კიდევ უფრო მეტსაც.

კი, დღეს საშინელი პრობლემებია მსოფლიოში. მაგრამ ასევე ძალიან ბევრი პრობლემა იყო ჩვენი ბებია-ბაბუების მსოფლიოშიც და ასევე იქნება უამრავი პრობლემა ჩვენი შვილიშვილების მსოფლიოში. და ჩვენი შთამომავლებიც, რომლებიც იცხოვრებენ ისეთ მსოფლიოში, რომელიც ჩვენთვის ჯერ წარმოუდგენელია ასევე შეეჩეხებიან ახალი ტიპის პრობლემებს. ყოველთვის იქნება ახალი პრობლემები, მოულოდნელობები და გადახვევები, განვითარებები და სტაგნაციები. მაგრამ მე მჯერა, რომ საერთო ჯამში ჩვენ ავმაღლდებით ვარსკვლავებამდე და ჩვენს გარდასახვამდე ვარსკვლავებს იქით.

რა არის "ტიურინგის ეკლესიის" მთავარი სპირიტუალური მესიჯი? (მე თქვენი ეკლესიის დიდი გულშემატკივარი ვარ და გარდა ამისა ხანდახან თავს "ტერასემის მოძრაობის" წევრადაც ვთვლი. რა იდეოლოგიური კავშირებია ტერასემსა და ტიურინგის ეკლესიას შორის და შეგვიძლია თუ არა დავინახოთ ტიურინგის ეკლესია, როგორც თეორიული სქემა მომავლის ვარსკვლავთშორისი რელიგიისთვის?

რელიგიების დაპირებანი, როგორიცაა მაგალითად ყველა ოდესღაც ცოცხალი არსების გაცოცხლება, ჩვენი გონების შვილთა (ადამიანთა, ხელოვნურ ინტელექტთა, გაციფრულებულთა, ჰიბრიდთა...) მიერ იქნება რეალიზებული – მომავლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სამყარო მაგიური, მოჯადოებული ადგილია, სავსე "უფრო მეტი რამით ცასა და დედამიწაზე" (შექსპირი) და უამრავი პოტენციალით ისეთი რამეებისთვის, რასაც ჩვენ ჯერჯერობით "მაგიას" ვეძახით. არტურ კლარკმა შემოგვთავაზა, რომ ჩვენი როლი შესაძლოა იყოს "არა ღმერთის თაყვანისცემა, არამედ მისი შექმნა" და მე ამას ვეთანხმები. ღმერთი შესაძლოა, წარმოიშვას მოზროვნე ცხოვრების წიაღიდან სამყაროში და ჩვენი როლი შესაძლოა, იყოს დავეხმაროთ ღმერთს, რომ ის წარმოიშვას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს აზრი არ ეწინააღმდეგება იდეას, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო – სამყაროს გარედან, არ ეწინააღმდეგება იმიტომ რომ ღვთაებრიობას და ღმრთისდარობას შეიძლება ქონდეს მრვალი ასპექტი, სახე და გამოვლინება.

რაც შეეხება ტერასემს, არც ეს აზრები და არც ჩვენი ეკლესია არ ეწინააღმდეგება მათ მოსაზრებებს და მეც პირადად ტერასემის საზოგადოების ნაწილი ვარ. თუმცა, მე იმდენად დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ტერასემის სტრატეგიებს, რომლებიც მუშაობენ ცნობიერების "შენახვაზე" სიკვდილის შემდეგ, იქნება ეს ე.წ. "ცნობიერების ფაილები" თუ კრიონიკა. დიდად მომწონს ეს იდეები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ (თქვენ, მე, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი ცხოველები და ყველა – წარსულში, აწმყოსა და მომავალში) აუცილებლად აღსდგება მკვდრეთით – შევინახავთ თუ არა ჩვენ ჩვენს ცნობიერებებს სიკვდილის შემდეგ. თავად სამყარო ინახავს ჩვენს ცნობიერებებს და მომავლის მეცნიერები (ადამიანები, უცხოპლანეტელები, ხელოვნური ინტელექტები…) გამოგვაღვიძებენ ჩვენ წარსულიდან.

ტიურინგის ეკლესია რელიგიაა ჩვენი ვარსკვლავთშორისი და ინტერპლანეტარული მომავლისთვის. თუმცაღა, ის არ არის ორგანიზებული რელიგიის ტიპის დაწესებულება თავისი ლიდერებით, იერარქიებით ან ცხოვრებისეული, ყოველდღიური დოგმებით, მაგრამ ეს ჩემი პირადი რელიგიაა და მე ყველასთვის ღია ვარ რომ გავერთიანდეთ და კიდევ უფრო დავამუშავოთ ჩვენი სამომავლო იდეები.

ეგზისტენციალურად დაინტრიგებული ვარ ე.წ. "ბლოცმანის ტვინების" კონცეფციით. შეგიძლია, მოკლედ აუხსნა ჩვენს მკითხველს თუ რა არის ბოლცმანის ტვინი და მითხრა შენი აზრი, თუ რა ეგზისტენციალური პოტენციალები აქვთ ბოლცმანის ტვინებს ჩვენს ყოველდღიურობასა და "რეალობის ქარხანაში"?

ბოლცმანის ტვინი ეს არის ცნობიერება, გონება, რომელიც სპონტანურად წარმოიშვება კვანტური ვაკუუმის რენდომ ფლუქტუაციებსა და "შეშფოთებებში", მას გააჩნია საკუთარი ეგზისტენცია და მეხსიერება საკუთარი თავის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბოლცმანის მორიგი ტვინი მხოლოდ რამდენიმე წამით გაჩნდა და მერე ისევ გაუჩინარდა კვანტურ ვაკუუმში, მან მაინც იცოდა საკუთარი თავის არსებობის შესახებ იმ წამებში. სხვა ბოლცმანის ტვინები შეიძლება იყვნენ "წარსული" ან "მომავალი" ვერსიები საკუთარი თავისა, აქედან გამომდინარეობს რომ შენ შეიძლება იყო ერთი ან რამდენიმე ბოლცმანის ტვინის ქსელი.

ეს თითქოს წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რომ პერმანენტული ფიზიკური არსებების ევოლუცია, მთელი თავისი ტვინებითა და სხეულებით ფიქრებისა და მოგონებების გარდა – ასევე თითქოს წარმოუდგენელია. თუ ასე ვიმსჯელებთ, დიდი შანსია, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ ბოლცმანის ტვინები.

ეს საინტერესო სპეკულაციაა ინტელექტუალური თავშექცევისთვის, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ ამას რამე ეგზისტენციალური შედეგები მოყვება. მოდი საკითხს ასე შევხედოთ, თუკი ჩვენ ბოლცმანის ტვინები ვართ – ჩვენ მაინც ისე დავინახავდით და აღვიქვამდით რეალობას, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ, ვიფიქრებდით იმას, რასაც ახალა ვფიქრობთ და გვემახსოვრებოდა ის, რაც ახლა გვახსოვს. კი ბატონო, ჩვენი აღქმები, ფიქრები და მოგონებები იქნებოდა უფრო "ვირტუალური" ვიდრე "რეალური", რასაც არ უნდა ნიშნავდეს "რეალური", მაგრამ მერე რა? ფუნდამენტალური რეალობა დაფუძნებული კვანტურ ველებზე ასეთივე ირეალური ჩანს. შესაძლოა, მომავლის მეცნიერები ივარაუდებენ, რომ ჩვენ ბოლცმანის ტვინები ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა არის.

გარდა იმისა რომ მწერალი ვარ, სხვადასხვა დროს ჩართული ვიყავი სხვადასხვა აქტივობაში, მუსიკიდან ვიდრე ინტერაქტიული საფლავებისა და ჩეთბოტების კეთებამდე. ბევრი წლის წინ ციფრულად გავაცოცხლე დიდი ხნის წინ მკვდარი ქართველი პოეტი, იმისათვის, რომ მქონოდა შანსი დავლაპარაკებოდი მკვდარ ადამიანს.

გაცოცხლების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ პრიმიტიულ ეტპზეა, მაგრამ მაინც, ჩვენ აჩრდილივით გვადგას ერთი დიდი კოსმისტური ოცნება, რომელი მე-19 საუკუნის წინასწარმეტყველმა — ნიკოლაი ფიოდოროვმა ჩამოაყალიბა "საერთო საქმეში", რაც გულისხმობს "დედამიწაზე მცხოვრები ყველა თაობის გაცოცხლებას", როგორც "შვილების" ვალდებულებას მამებისადმი”, რათა აღსდგეს "კოსმოსური სამართლიანობა", ის ამატებს: "საყოველთაო გაცოცხლება არის სამყაროს ტრანსფორმაცია ქაოსიდან კოსმოსში – უხრწნელობისა და ურღვევობის სიდიადეში".

როგორ უყურებენ თანამედროვე კოსმისტები მკვდრების გაცოცხლების იდეას? ნამდვილად გვჭირდება გარდაცვლილების დაბრუნება? როგორც უნდა მივაღწიოთ ამას და, ჩემთვის პირადად კიდევ უფრო საინტერესოა – რატომ?

იმავე პასაჟში ფიოდოროვი ამბობს, რომ "პლანეტაზე ოდესღაც მცხოვრებთა მასობრივი გაცოცხლების შედეგად ცნობიერება განივრცობა სამყაროს ყველა ნაწილში". ეს მხოლოდ ერთ-ერთი ალტერნატივაა. მეორე მარტივი იდეა ისაა, რომ ჩვენ, შვილებს, გვიყვარს მშობლები და გვინდა დავაბრუნოთ ისინი. თუ ჩვენ გვსურს მათი დაბრუნება, ესეიგი ჩვენ ნამდვილად გვსურს. მე რომ შანსი მქონდეს, აუცილებლად დავაბრუნებდი ჩემს მშობლებს, მაგრამ შემდეგ ჩემი გაცოცხლებული მშობლები გააცოცხლებდნენ თავიანთ მშობლებს, შედეგად ყველა, ან თითქმის ყველა, ვინც კი ვინმეს ყვარებია – გაცოცხლებულ იქნება.

რაც შეეხება იმას თუ "როგორ" უნდა მოხდეს ეს, თავად ფიოდოროვი ვარაუდობდა, რომ მომავლის მეცნიერები მიაღწევდნენ ტექნოლოგიურ მკვდრეთით აღდგომას იმ გზით, რომ იპოვიდნენ ნაწილაკებს, რომლისგანაც შედგებოდა სხეული და დააბრუნებდნენ, ააწყობდნენ მათ მათი ორიგინალური კონფიგურაციის მიხედვით. ეს ძალიან ნაივური აზრია თანამედროვე მეცნიერების გადმოსახედიდან. მაგრამ აქვე იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ რა თეორიაც არ უნდა წამოვაყენოთ დღეს ტექნოლოგიური მკვდრეთით აღდგომისთვის, თუნდაც დაფუძნებული ულტრათანამედროვე მეცნიერებას, ეს თეორია ასევე ნაივური გამოჩნდება ერთ ან ორ საუკუნეში.

ამიტომ, მე არ ვუთმობ დიდ დროს "ტექნოლოგიური აღდგომის" დეტალურ სპეკულაციებს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერება მაინც გვპირდება, წარმოვიდგინოთ აღდგომის რამდენიმე ტექნოლოგია. ყველაზე მარტივი ასე ჟღერს: ჩვენი გონების შვილები მომავალში შეძლებენ "ამოიღონ" საკმარისი ინფორმაცია დროისა და სივრცის ქარხნიდან, დაალაგონ ჰარმონიულად ჩვენი ფიქრები, შეგრძნებები, მოგონებები და ამით თავიდან შექმნან კონკრეტული პერსონა, რომელსაც ატვირთავენ ახალ სხეულში ან განსხვავებულ ფიზიკურ მატარებელში, რომელსაც საკუთარ თავში ცნობიერების დატევა შეეძლება.

მომავალი და კარს მომდგარ კოსმოსური ფრენების ეპოქაში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გამოვიმუშავოთ და შევთანხმდეთ კოსმოსის ახალ ფილოსოფიასა, ეთიკასა და ოცნებებზე. ჩემი თხოვნა იქნება მოგვიყვე შენი ახალი წიგნის "ფუტურისტული კოსმიური ფრენების მედიტაციების" შესახებ...

ეს ძალიან მცირე წიგნია, რომელიც იკვლევს ძალიან ფართო სპექტრს თანამედროვე პოლიტიკიდან აქ და ახლა, ვიდრე ვარსკვლავთშორის ფრენებამდე და ასევე ეხება ჩვენს მომავალს, სადაც ჩვენ კოსმიური ინჟინრები ვიქნებით.

წიგნის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება კოსმოსის ათვისების ოპტიმისტური, მომავალზე ორიენტირებული კულტურა. ჩვენ ასევე გვესაჭიროება კოსმოსის მომავლის ფილოსოფია. წიგნის უკანასკნელ თავში სახელად "კოსმიური ინჟინრები" მე განვიხილავ ჩვენს იმ კოსმიურ ბედისწერას, რომელზეც უკვე ვილაპარაკე ინტერვიუს დასაწყისში.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს კოსმიურ ბედისწერას, ჩვენ უნდა ვეწვიოთ ვარსკვლავებს, რის შემდეგადაც ჩვენ გვექნება სათანადო დრო იმისათვის, რომ ვისწავლოთ თუ როგორ გადავიქცეთ ღვთისდარ კოსმიურ ინჟინრებად და ავასრულოთ რელიგიათა დაპირებანი.

ჩვენი ვალდებულება ღმერთისადმი, ან თუ გნებავთ ამას რამე ესხვა სახელი დაარქვით, ან თუ გნებავთ ეს იყოს კოსმოსი ან რამე კოსმოსური პრინციპი, რომელიც იცავს სიცოცხლეს ან თუნდაც სიცოცხლე თავისთავად – მოკლედ ჩვენი ვალდებულება ამის მიმართ არის ის, რომ გავცდეთ დედამიწას შავი ცის მიმართულებით და მხარი დავუჭიროთ კოსმიურ ევოლუციას.

მაგრამ ჩვენი შანსი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიკარგოს: თუ ჩვენ შემოვრჩით ამ პლანეტაზე, ან თუნდაც მზის სისტემაში, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება კატასტროფა, რომელიც გაგვანადგურებს. ამრიგად, კოსმიური გაფართოება ჩვენი გადაუდებელი კოსმიური და გეზისტენციალური იმპერატივია და ჩვენ ეს უნდა დავიწყოთ აქ და ახლა.

ჩემთვის ეს წიგნი პირველი დრაფტია: რამდენიმე წელიწადში, როცა დავაკვირდები მორიგ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე, აუცილებლად გამოვაქვეყნებ განახლებულ ვერსიას, დააფდეითებულს და გადააზრებულს. ჩემთვის ოპტიმიზმი მნიშვნელოვანი კეთილშობილებაა.

არ ვარ დარწმუნებული ამ მოსაზრებათაგან რომელია მეტ-ნაკლებად ისეთი, რომელსაც დავეთანხმებოდი: ან ღმერთი არსებობს ანდა ჩვენ მიტოვებულები ვართ ამ სამყაროში, ან შესაძლოა ღმერთი ოდესმე წარმოიშვას დრო-სივრცის კვანტურ უსასრულობაში ანდა, მეოთხე აზრი: შეიძლება ჩვენ ვართ ისინი, ვინც შექმნის ღმერთს ან გახდება ის. რა არის ჯულიო პრისკოს აზრი ამის თაობაზე?

იდეა ღმერთის წარმოშობის შესახებ მშვენიერი სუმირებაა ტიურინგის ეკლესიის გზავნილებისა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება არსებობდეს პრე-ღმერთი, მეტიც მე ვფიქრობ, რომ უსასრულო, მიუწვდომელი, აბსოლუტურად უსასრულო ღმერთი დაუჯერებელი, მაგრამ მისაღები შესაძლებლობაა. მაგრამ თუკი არ არსებობს ღმერთი, რომელიც მოგვანიჭებდა უსასრულო სიცოცხლესა და სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევდა, მაშინ ეს ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ!

ტიურინგის ეკლესია არ არის გაცხადებულად ფილოსოფია, რელიგია ან მეცნიერული თეორია. ტიურინგის ეკლესია საბრძოლო ტაქტიკაა! ეს ფიოდოროვის საბრძოლო ტაქტიკაა. ეს სიმონ ბოლივარის საბრძოლო ტაქტიკაა, ადამიანის, რომელმაც თქვა: "თუ ბუნება ჩვენს წინააღმდეგ მოდის, მაშ შეებრძოლეთ ბუნებას და აიძულეთ დაგემორჩილოთ" (სხვათაშორის ამ ფრაზის ორიგინალი ესპანური წარწერა ამოტვიფრულია კარაკასზე).

ჩვენ გავაცოცხლებთ მკვდრებს, მოვიპოვებთ უკვდავებას და გადავაქცევთ სამყაროს უკეთეს ადგილად, ეს ჩვენი ეგზისტენციალური იმპერატივია და ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს "დავდებთ" ამის მისაღწევად. ყურადღება მიაქციეთ, როგორც კოსმიური ინჟინრები და დროისა და სივრცის ბატონები, ჩვენ შევძლებთ ზემოქმედების მოხდენას წარსულზე, შესაბამისად, თუ ჩვენ გადავიქცევით ღვთისდარ ინჟინრებად ეს ნიშნავს, რომ ღმერთი უკვე არსებობს აქ და ახლა.

მაინტერესებს ჯულიო პრისკოს პერსონა, ამ სოცარი იდეების უკან. მითხარი როდის, როგორ და რატომ გახდი კოსმისტი? ეს გამოიწვია რამე მოვლენამ შენს ცხოვრებაში, რამე ტიპის გამოცხადებამ ან იქნებ წიგნმა, რომელიც წაიკითხე? და გარდა ამისა, მითხარი როგორია თანამედროვე კოსმისტის ყოველდღიური რუტინა?

ჩემ შესახებ ბევრი არაფერია მოსაყოლი. დავიბადე ნაპოლიში, გავხდი ფიზიკოსი, ადრინდელ ასაკში წამოვედი ჩემი ქალაქიდან და სამშობლოდან. ვცხოვრობდი უამრავ ადგილას, ვისწავლე ბევრი ენა და ვაკეთებდი უამრავ სხვადასხვა რამეს. ახლა მე ვცხოვრობ ბუდაპეშტში, ჩემი ტკბილი და საყვარელი მეუღლის ქალაქში.

იცი რა? ვერ გეტყვი როგორ გავხდი კოსმისტი, იმიტომ რომ რაც კი თავი მახსოვს ყოველთვის ეს ვიყავი! ჩემი ყოველდღიური რუტინა ნორმალურია. მაშინაც და ახლაც დროდადრო ვაკვირდები ჩემს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ჩემი რწმენით შეღებილი გონებრივი ვიტრაჟებით. როცა ვუყურებ ვარსკვლავებს, ერთ მთლიანობად ვგრძნობ თავს კოსმოსთან და ვუფიქრდები იმას, რომ ფოტონები, რომლებსაც ჩემი თვალებ იჭერენ უხსოვარი დროიდან მოვიდნენ აქ და ახლა, როცა ვაკვირდები ცას. ასევე მაქვს სიახლოვის შეგრძნება მომავლის ადამიანებთან რომლებიც ცხოვრობენ ვერსკვლავებს შორის და ჩართულები არიან კოსმიურ ევოლუციაში.

გჯერა თუ არა საიქიოსი და როგორია ის შენთვის?

კი, მჯერა. და მე წარმოვიდგენ საიქიოს მრავალნაირ ვერსიას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩემს მეცნიერულ თუ სულიერ იდეებს. საიქიოს ჩემი საყვარელი წარმოსახვა დაფუძნებულია დაფარული ბუნებრივი პროცესებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციების იდეაზე.

მაგრამ მე არ ვანიჭებ უპირველეს როლს ან იერარქიას რომელიმე წარმოდგენას, იმიტომ რომ რაც არ უნდა წარმოვიდგინო – შესაძლოა რეალობას აცდენილიც კი იყოს. მე მხოლოდ მჯერა იმისა, რომ მე კიდევ ერთხელ ვიცხოვრებ და ვიქნები მათთან ვინც მიყვარს.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არ ვირჩევ საიქიოს ფავორიტ იდეას ისაა, რომ ხანდახან ვფიქრობ: რატომ მხოლოდ ერთი საიქიო? რატომ არ შეიძლება საიქიო იყოს ორი, ან სამი ან უსასრულო რაოდენობების? მე შესაძლოა გამაცოცხლონ მომავლის მეცნიერებმა, მაგრამ თან პარალელურად ვიცხოვრო ჩემი ცხოვრების ახალი ვერსიები მულტივერსის სხვადასხვა სამყაროებში და ამავდროულად შეიძლება "ამომჭრან" ამ "სიმულაციიდან" და ჩამსვან "სიმულაციის შემქმნელების" რეალობაში (პრინციპში, ეს სხვა სიტყვებით მოყოლილი ტრადიციული ქრისტიანობაა) და ასევე შესაძლოა ვიცხოვრო ისეთი ცხოვრებანი, რომელსაც ჩემი "მე"-ს ახლანდელი ვერსია ვერ შეიმეცნებს ან ვერ გამოხატავს სიტყვებით ან ვერც კი წარმოიდგენს. შესაძლოა მე ვიყო ყველა ეს ჩემი ახალი ვერსია ერთდროულად.

როგორც მწერალს მაინტერესებს შენი რამდენიმე წიგნის რეკომენდაცია ჩვენი ახალგაზრდა, დრიმჰაკერი მკითხველებისთვის...

ნება მიბოძე ჩემი წიგნები გირჩიოთ. "ტიურინგის ეკლესიის ამბები" (2020) და "მედიტაციები ფუტურისტულ კოსმოსურ ფრენებზე" (2021). ჩემი წიგნები თითქოსდა რეფერენსების კრებულია, რომლებიც მიგითითებენ სხვა დიდი წიგნების წასაკითხად. და რაც მთავარია, თქვენ ახალგაზრდა დრიმჰაკერ მკითხველებს არ დასჭირდებათ ჩემი წიგნების ყიდვა, იმიტომ რომ ყველა მათგანი უფასოა, დასერჩეთ და იპოვით.

ასევე გირჩევთ გამოიწეროთ ჩემი ყოველკვირეული ნიუსლეთერი და პოდკასტი საიტიდან: turingchurch.com. თითქმის ყველა წერილში მე სხვა დიდი წიგნების რეკომენდაციებს ვიძლევი.

მადლობა ჯულიო. გვიყვარხარ საქართველოში...

და მე კი მიყვარხართ თქვენ! მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ბევრი რამ არ ვიცი საქართველოს შესახებ. წიგნებიდან ვიცი ის, რომ საქართველოს, როგორც ჩანს, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლამაზი პეიზაჟები და ხედები აქვს. და გარდა ამისა, როგორც ფეხბურთის ფანმა, რომელიც ნაპოლიში დაიბადა — ქალაქში რომელმაც თავის დროზე ღვთაებრივი მარადონა შეიფარა, მე ბედნიერი ვარ როცა ვხედავ, რომ ჩვენი ფეხბურთის ფანები გიჟდებიან ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე — ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც ახალ მარადონასაც კი ეძახიან. ჯერჯერობით, მხოლოდ ესაა რაც ვიცი საქართველოზე, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ შევისწავლო მეტი რამ შენი ქვეყნის შესახებ.