საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ ბათუმში არსებულ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია დაუსაბუთებლად გაუუქმდა.

შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საია მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება [ავტორიზაციის] საბჭომ ისე მიიღო, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები.

საია-ს ცნობით, სკოლას ავტორიზაცია 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა, ავტორიზაციის მინიჭებისას სკოლას მიეცა რეკომენდაცია თურქულენოვანი სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორზე გადაყვანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ჰქონდა უფლება არ გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი, მათ იხელმძღვანელეს ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თურქულენოვანი სექტორი გაუქმდა:

"2015 წლის 25 დეკემბერს ავტორიაზაციის საბჭომ განიხილა შაჰინის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი, თუმცა მაშინ, იმ არგუმენტით, რომ სკოლა-ლიცეუმს თურქულენოვან სექტორში ჩარიცხულ მოსწავლეებთან დაკავშირებით პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა, განხილვა შეწყდა. 2017 წლის 20-22 იანვარს, სკოლას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი ეწვია. ამჯერად თურქულენოვან სექტორიდან მოსწავლეების ქართულენოვან სექტროზე ჩარიცხვის პროცესი დარღვევად ჩაითვალა".

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოს მიერ დარღვევებად მოყვანილი გარემოებები რეალურად არსებობს, დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმება არ შეიძლება ადეკვატურ და პროპორციულ ზომად მივიჩნიოთ.

საია-ს ცნობით, შესაძლოა, ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება თურქეთის კონსულის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს, როდესაც თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას კონსულმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას სკოლის დახურვის მოთხოვნით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ შაჰინის სკოლასთან ერთად, თურქეთის დაინტერესება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეშიც ჩანს.