ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი კურიერი, დასრულებისას, პირდაპირ ეთერში დატოვა. ის მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის და თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც კურიერის წამყვანის, დღეს მე ვამთავრებ 25 წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ" - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ის განუკითხაობის წინააღმდეგ და ერთი კაცის მმართველობის დასრულებისთვის იბრძოლებს. "დროა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო, ბრძოლის გამოცდილება კი ნამდვილად მაქვს" - ამბობს ის.

"ქვეყანას მთავარი ბრძოლა ჯერ წინ აქვს და ვაპირებ, რომ თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმი".

უდუმაშვილმა თავისი სიტყვა ცრემლებით დაიწყო. ემოციების გარეშე ვერ დაემშვიდობა თანაწამყვანს დიანა ჯოჯუაც, რომელსაც 11 წელია, უდუმაშვილთან ერთად მიჰყავს რუსთავი 2-ის ეთერი.

თბილისის მერის არჩევნებში ზაალ უდუმაშვილი ნაციონალური მოძრაობის სახელით მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ეს შეთავაზება მიიღო, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. უდუმაშვილი უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა მისი გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობი იყო.