აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს.

მიღებული კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას გულისხმობს, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს. ის მიზნად ისახავს:

  1. რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას;
  2. რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას;
  3. ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას. აღნიშნული თანხა მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, საქართველო-უკრაინაში რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

ცნობისათვის, დღემდე, აშშ-ს დაწესებული ჰქონდა სანქციები რუსეთზე მის მიერ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული, თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერ-აქტოვობებს.

კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. სანქციები აგრეთვე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორუმპირებული გზით პრივატიზებაში, ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის შეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით.

კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.

ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდა აღმასრულებელი ბრძანებით (საპრეზიდენტო დეკრეტით/executive order), აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში, მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.