ამის შესახებ ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, დღეს კი პატიმრობა შეუფარდა.

  • გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
  • მმართველი გუნდის თავმჯდომარემ 21 წლის აქტივისტს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.

დეტალები: იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს როგორც გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს.

  • "სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე", — ნათქვამია განცხადებაში.