გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა.

  • აქტივისტი აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომლის ჩაგდებაც მმართველ გუნდსა და პრორუსულ "ხალხის ძალას" მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მოუწია.
  • 7-8 მარტის აქციები სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, მოგვიანებით კი დარბევაზე გადავიდნენ: სათითაოდ მისდევდნენ, სცემდნენ და აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს.
  • გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
  • მმართველი გუნდის თავმჯდომარემ 21 წლის აქტივისტს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში შეძახილები "მონებო" და "რუსებო" მოჰყვა.

  • დაცვის მხარე გრიგორიადისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა კალატოზიშვილმა პროკურორ გრიგორ ნიშნიანიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
  • მანამდე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოსამართლეს შესთავაზა, რომ როგორც პარლამენტის წევრი, პირად თავდებობას აიღებდა დაკავებულზე.

გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ გულის სიღრმეში გირაოს მოლოდინი ჰქონდა.

  • "სადღაც შორს, გულის სიღრმეში, მაგრამ... ნახეთ, რაც ხდებოდა. [ლაზარეს ვეტყოდი] გამაგრდეს. ვაჟკაცი ბიჭია".