13 წლის ბიჭმა, რომელიც ბოლო 3 წელია კარავში ცხოვრობს და ქველმოქმედებისთვის ფულს აგროვებს, თანხის რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა. ბიჭმა კარავში ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეზობელი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.

13 წლის მაქსმა გადაწყვიტა, რომ კარავში ეცხოვრა და მიღებული თანხა საავადმყოფოში მყოფი სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად გადაერიცხა.

ფოტო: Getty Images

მაქსმა კარავში დაძინება მაშინ დაიწყო, როცა 10 წლის იყო და ამის შემდეგ დაახლოებით 92 ათასი დოლარი შეაგროვა. "სანამ ჩემი მეზობელი სიმსივნით გარდაიცვლებოდა, მან კარავი მაჩუქა და მითხრა, რომ წინ თავგადასავლები მელოდა. ჩრდილოეთ დევონის საავადმყოფო მასზე ძალიან ზრუნავდა და მინდოდა, რომ მათთვის რაღაც გამეკეთებინა და მადლობა გადამეხადა", — ამბობს მაქსი.

წვიმისა და ძლიერი ქარების დროს მაქსი კარავს არ ტოვებდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად იმ ღამით გაუჭირდა, როცა მისი კარავი დაიშალა, თუმცა ოჯახი დაეხმარა და ერთი დღე სხვა კარავში იცხოვრა.

"თავდაპირველად მხოლოდ 100 სტერლინგის შეგროვებას ვაპირებდი და თავადაც გამიკვირდა, რომ ჩემმა ინიციატივამ ამხელა ყურადღება მიიქცია. იმედი მაქვს, ჩემი ამბავი ხალხს იმაში დაარწმუნებს, რომ ბავშვებს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ", — განაცხადა მაქსმა.

ფოტო: Getty Images

3 წლის განმავლობაში მაქსი ყურადღების ცენტრში იყო და უამრავი ადამიანი მისით აღფრთოვანებას გამოხატავდა. მაქსს კარავში ბორის ჯონსონიც ეწვია. 2022 წელს კი მაქსმა ბრიტანეთის იმპერიის მედალი მიიღო.