ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს — პროტესტი განახლდა მეორე დღესაც, მას შემდეგ, რაც პლენარულზე კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.

  • ორივე დღეს სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, 9 მარტის დილის 06:00 საათზე კი 8 მარტს დაწყებული აქციის დარბევა დაიწყეს.
  • დილამდე ძალადობრივად აკავებდნენ დემონსტრანტებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
  • შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ უწყების 58 თანამშრომელი დაშავდა — ამბობდნენ, რომ დამნაშავეებს "კანონის სრული სიმკაცრით დასჯიდნენ".

დეტალები: უწყების განცხადებით, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

  • შსს-ს თქმით, ბრალდებულმა რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.
  • მათივე ცნობით, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
  • უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
  • სამომავლო დაკავებებსაც აანონსებენ — განმარტავენ, რომ 7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც პოლიციელს თავს დაესხნენ.