სომხეთში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, მარკუს რიტერმა გერმანულ DW-ს განუცხადა, რომ "ბევრ სომეხს სჯერა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა იქნება".

"თუ ეს არ მოხდება, ჩვენი მისია უკვე წარმატებულია", — თქვა მან.

თუმცა, დასძინა რომ, დამკვირვებლებს არ შეუძლიათ "აღადგინონ, მაგალითად, ჯარების მოძრაობა მორიგი თავდასხმის მომზადებისას" და რომ მისიის ფუნქცია შეზღუდულია, რადგან მათ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე დაგმო რიტერის კომენტარები და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი სომხეთის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა […] წარადგინა ევროკავშირის მისიის მთავარი ამოცანა, როგორც "სომხეთის დაცვა აზერბაიჯანისგან", — ნათქვამია სამინისტროს პასუხში.

"ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ ამ მისიის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების აუცილებლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პროცესის ნორმალიზაციის მიზნით", — ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთში ევროკავშირის 100-კაციანი მისია მოიცავს 50 უიარაღო დამკვირვებელს, რომლებსაც, რიტერის თქმით, აქვთ მხოლოდ "ბინოკლები და კამერები" და არ შეუძლიათ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ესკალაციაში ჩარევა.

მონიტორინგის მისია გასული წლის ბოლოს შეთანხმდა და სომხეთში ორწლიანი ვადით 2023 წლის დასაწყისში განლაგდა. ის არ მოქმედებს მთიან ყარაბაღში, სადაც ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ 2 000 რუსი სამშვიდობოა განლაგებული.

მოკლევადიანი ევროპული მონიტორინგის მისიაზე ერევანი და ბაქო გასული წლის სექტემბრის ორდღიანი ომის შემდეგ შეთანხმდნენ. ხანმოკლე მისია დაფუძნდა სომხეთის საზღვრებშიც.

თუმცა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ გრძელვადიანი მისია აზერბაიჯანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განლაგდა.

"ჩვენ ამაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ შევთანხმებულვართ, რადგან ეს, ბოლოს და ბოლოს, სომხეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვიყავით, თუ რას ვაკეთებდით, რა არის ამ მისიის მიზანი და საქმიანობა", — თქვა კლაარმა მარტში აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში.

აზერბაიჯანმა უხალისოდ მიიღო მისია იმ პირობით, რომ ის "აზერბაიჯანის ლეგიტიმურ ინტერესებს გაითვალისწინებდა".

მოსკოვმა პირდაპირ გააკრიტიკა მისია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მას "კონტრპროდუქტიული" უწოდა. უმაღლესმა დიპლომატმა სომხეთი რუსეთისა და მის მიერ შემოთავაზებული CSTO-ს სადამკვირვებლო მისიაზე მეტად დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობაში დაადანაშაულა.

ოთხშაბათს მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთში CSTO-ს დამკვირვებლების განსათავსებლად.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.