კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პალიტრა მედიისა თუ ნებისმიერი სხვა მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრეტირებელი კამპანია, შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს მედიის უფლებების დაცვა და ჟურნალისტებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა

რატომ არის მნიშვნელოვანი: 27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია, თითქოს კეზერაშვილი პალიტრა მედიას აფინანსებს.

  • პალიტრა მედიას განცხადებით, ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები. აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე.
  • ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, ფორმულას — "თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია"
  • ქართული ოცნება ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ხშირად იყენებს კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის საშუალებად.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხრიდან პალიტრა მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო.

  • მათი შეფასებით, მიზანია მედიაზე ზეწოლა, საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაცია და თვითცენზურის გარემოს დამკვიდრება წარმოადგენს.
  • "ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე მედიაგარემოს ფონზე, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე რეგულარულად ხორციელდება ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, მუქარა, უკანონო მოსმენები, ხელისუფლების ბოიკოტი თუ დეზინფორმაციული კამპანია, მმართველი პარტია ნაცვლად მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვისა, აგრძელებს და აფართოებს თავის აგრესიულ და მადისკდრეტირებელ რიტორიკას და სამიზნედ ახალ მედიას ირჩევს";
  • "აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს".

გამოხმაურებები: ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

  • ქარტია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.
  • პალიტრა მედიას არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და შეშფოთებას გამოხატავენ.