Sevdaliza-სა და Anathema-ს გენიალური გამოსვლების შემდეგ, ფესტივალზე მისულმა ადამიანებმა ენერგია აღვიდგინეთ და ახალ საფესტივალო დღეს განახლებული ძალებითა და მოლოდინით შევხვდით.

ფოტო: შალიკა სტუდიო

Tbilisi Open Air-ის მეორე დღე განსაკუთრებით წარმატებული ქართველი მუსიკოსებისთვის აღმოჩნდა. საღამო დაგეგმილ დროს, 19:00 სთ.-ზე დაიწყო და სცენაზე პირველი ჯგუფი არა გამოჩნდა, რომლის სოლისტიც ჩვენს წინაშე ექსტრავაგანტული სამოსით, იესო ქრისტეს ფორმაში წარდგა. ქართულმა ჯგუფმა თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულა, სცენასთან შეკრებილი ახალგაზრდობა საფესტივალო ხასიათზე მოგვიყვანა და გამოსვლის ბოლოს, როგორც იესოს ეკადრება, ყველანი დაგვლოცა.

ფოტო: დიმიტრი სანაია

ჯგუფი არას შემდეგ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტი, მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე Vinda Folio-სთან ერთად გამოჩნდა. Eko & Vinda Folio-მ ფესტივალზე ჩვენში მიძინებული მეამბოხე სულები გააღვიძეს.

ფოტო: დიმიტრი სანაია

ფოტო: დიმიტრი სანაია

მართალია, ეკო დეისაძე აგურით ხელში არ მდგარა სცენაზე, მაგრამ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამორჩეული სტილის სიმღერებით შეგვახსენა, რომ რევოლუცია მარტივად იწყება ჩვენში. შემდეგ კი, სხვა სიმღერებთან ერთად, სასიყვარულო ბალადა შენ ანათებ გვიმღერა, დასასრულს კი მისი ყველაზე ენერგიული და ცნობილი სიმღერა, რაც მამას უნდა შეგვისრულა.

Open Air-ის საფესტივალო ტერიტორიაზე მზე ნელ-ნელა ვარსკვლავებმა და მთვარემ ჩაანაცვლეს და გენიალური საღამო ნაბიჯ-ნაბიჯ თავის კულმინაციას მიუახლოვდა. Main Stage-ზე ძალიან ცნობილი, წარმატებული და რაც მთავარია, მონატრებული ქართული ჯგუფი Soft Eject გამოჩნდა.

ფოტო: დიმიტრი სანაია

როგორც ჩანს, ქართველ მსმენელს ჯგუფი ძალიან მოენატრა, რადგან მათი გამოჩენისთანავე, სცენას უამრავი ადამიანი მოაწყდა. საათნახევრის განმავლობაში ქართველი მსმენელი Soft Eject-თან ერთად ვმღეროდით, იყო ცრემლებიც და იყო სიხარულიც. დასასრულს კი, ლეგენდარულმა ქართულმა ჯგუფმა მათი საკულტო სიმღერა, Just Carry On იმღერა და მომავალ შეხვედრამდე დაგვემშვიდობა.

ფოტო: დიმიტრი სანაია

ფოტო: დიმიტრი სანაია

ფოტო: გვანცა ნემსაძე

Soft Eject-ის ტკბილი გამოსვლის შემდეგ, სცენაზე რუსული ბენდი, დღის ჰედლაინერი, Leningrad გამოჩნდა. რუსული როკ-ჯგუფის გამოჩენას ხანგრძლივი ემოციები მოყვა.

ფოტო: დიმიტრი სანაია

ფოტო: გვანცა ნემსაძე

სერგეი შნუროვი და მისი ჯგუფი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე მეტეორივით გამოჩნდნენ და სცენასთან შეკრებილი ასობით ადამიანი პირველივე სიმღერით ენერგიით აგვავსეს.

უცენზურო ლექსიკა, გართობისთვის და სპირტიანი სასმელებისთვის მიძღვნილი სიმღერები, პოლიტიკური შარჟები და ყველაფერი, რაც Leningrad-ს ახასიათებს, 17 ივნისის ძირითადი ნაწილის იდეალური დასასრული იყო.

17 ივნისის საღამო არამხოლოდ გემოვნებიანი მუსიკისა და გართობის საღამო, არამედ იდეალური ლუსტრაცია იყო იმისა, რომ ქართული მუსიკა, ნიჭიერი ახალგაზრდების წყალობით, ჯერ კიდევ ცოცხალია და მიუხედავად შოუ-ბიზნესის სიღატაკისა, ის მაინც ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივნისს, Tbilisi Open Air 2017-ის ბოლო საფესტივალო დღეა. საფესტივალო ტერიტორიაზე შესვლას 16:00 სთ.-დან შეძლებთ. 18 ივნისის ჰედლაინერი ბრიტანული ჯგუფი Archive იქნება, რომელიც სამდღიან ფესტივალს დახურავს.