TASS-მა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერევნის განზრახვას, მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება შეიძლება ჰქონდეს "უკიდურესად უარყოფითი შედეგები".

პარასკევს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რატიფიკაციის პროცესს მწვანე შუქი აუნთო. ერთი კვირის წინ კი ICC-მა, ბავშვების უკრაინიდან რუსეთში დეპორტაციის საქმეზე პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

"მოსკოვი თვლის, რომ ერევნის გეგმები, ოფიციალურად შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბოლო უკანონო და იურიდიულად ბათილი "ორდერების" ფონზე რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია", — თქვა TASS-მა წყაროს ციტირებით.

სომხეთმა ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოაწერა, მაგრამ 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა, ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ რომის სტატუტის შეუთავსებელი მუხლები ძირეულად არ შეცვლილა.

სომხეთმა რომის სტატუტის შესახებ დისკუსია 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო, იმ განზრახვით, რომ აზერბაიჯანი ICC-ში წარედგინა სექტემბრის ორდღიანი ომის და რამდენიმე სხვა შეტაკების გამო.

სექტემბრის ბრძოლების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ ტყვეებს სჯიან. სხვა კადრებში კი ასახული იყო აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომეხი ჯარისკაცის დასახიჩრება.

ICC-ს უფლება აქვს გამოიძიოს ბრალდებები გენოციდის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის შესახებ.

აზერბაიჯანს რომის სტატუტზე ხელი არ მოუწერია, ხოლო რუსეთმა შეთანხმებას ხელი 2000 წელს მოაწერა, მაგრამ არასოდეს მოუხდენია მისი რატიფიცირება. 2016 წელს კი ხელმოწერა უკან წაიღო.

დებულების რატიფიცირებისთვის სომხეთის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში პარლამენტს უნდა მიმართოს.

პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა რატიფიკაციის პროცესს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ სომხეთი "უნდა შეუერთდეს ხელშეკრულებას, რათა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარადგინოს ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ ომი დაიწყო".

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ უპასუხა კითხვაზე, დააპატიმრებდნენ თუ არა პუტინს, თუ ის სომხეთს ეწვეოდა, სიმონიანმა თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ქვეყნების მიერ პუტინის დაკავება.

"მოდით, რატიფიცირება დავასრულოთ. რუსეთის პრეზიდენტი მოვა და მერე ვნახოთ", — თქვა მან.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.