ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყებაში ამბობენ, რომ 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნეს.

  • მათი განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული პირი 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის ფეისბუქით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.
  • საგამოძიებოს ცნობით, გარდა ამისა, ბრალდებულმა ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა.
  • უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება.
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ბრალდებული 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
  • რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეტალები: საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე ბრალდებულმა, 2002 წელს დაბადებულმა პირმა დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.

  • ბრალდებული 2023 წლის იანვარში დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • უწყებამ ასევე ამხილა 1974 წელს დაბადებული პირი, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობით დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ ფეისბუქში არსებული მიმოწერა.
  • მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
  • დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • საგამოძიებოს თქმით, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი.
  • გარდაბნის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული პირები.
  • მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.