რატომ არის მნიშვნელოვანი: 27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია, თითქოს კეზერაშვილი პალიტრა მედიას აფინანსებს.

  • დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰკითხა.
  • კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს და დეტალებში ვერ შევა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, პალიტრა მედიას თავს დასხმოდა.
  • მედიის დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, ფორმულას — "თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია"
  • ქართული ოცნება ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ხშირად იყენებს კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის საშუალებად.

რას ამბობს პალიტრა მედია: მათი განცხადებით, ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.

  • აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე — "თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პალიტრა მედია არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ";
  • "არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და პალიტრა მედიის რაიმე კავშირის შესახებ";
  • "პალიტრა მედიის ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია პალიტრანიუსის ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის";
  • "პალიტრა მედია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან", — აცხადებენ პალიტრა მედიაში.

რას ამბობს ქარტია: ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

  • ქარტია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.
  • ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.
  • "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა";
  • "საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე.";
  • ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით.