ცოტა ხნის წინ ფლორიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იძულებული გახდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილზე მიქელანჯელოს ქანდაკება აჩვენეს. გაკვეთილი რენესანსს ეძღვნებოდა და მოსწავლეებს მიქელანჯელოს დავითი უჩვენეს, რაც ერთ-ერთმა მშობელმა საჩივრის წერილში პორნოგრაფიად მოიხსენია.

ამაზე პასუხად, ფლორენციის მუზეუმი, რომელშიც მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება ინახება, ფლორიდელ მშობლებს მის სანახავად იწვევს. " იფიქრო, რომ დავითის ქანდაკება შეიძლება პორნოგრაფია იყოს, იმას ნიშნავს, რომ არც ბიბლიის შინაარსი გესმის, არც დასავლური კულტურა და ვერც რენესანსის ხელოვნებას იგებ", — აცხადებს მუზეუმის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ შიშველი დავითის გამოსახულება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა მთელს მსოფლიოში. ქანდაკება მიქელანჯელომ 1501-1504 წლებში შექმნა და მთელი მსოფლიოს მიერ ერთხმად იქნა აღიარებული შედევრად. გაკვეთილი, რომელიც 11-12 წლის ბავშვებს ჩაუტარდა, ასევე მიქელანჯელოს ნახატს ადამის შექმნას და ბოტიჩელის ნახატს ვენერას დაბადებასაც მოიცავდა.

რაც შეეხება ფლორიდის შტატში სკოლაში სწავლების კანონებს, ამის შესახებ კომენტარი სკოლის საბჭოს თავმჯდომარემ, ბარნი ბიშოპმა გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ფლორიდაში ბავშვთა უფლებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს, რომ მთავრობამ მშობლების მიერ სასწავლო პროცესში ზედმეტად ჩარევის შესაძლებლობები შეზღუდოს.

"მშობლების უფლებები ყველაფერს აჭარბებს", — განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პანდემიის დროს მშობლები მათი შვილების განათლებაში საჭიროზე მეტად ჩართულები გახდნენ. ბიშოპის აზრით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ბოლო პერიოდში მშობლები რელიგიურ და კონსერვატიულ მოტივებზე დაფუძნებულ სკოლებს ირჩევენ.