მარშით ორგანიზატორები ქალთა მიმართ იმ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ეხმაურებიან, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.

  • ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი, ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
  • გუშინ, 27 მარტს, თათია სამხარაძემ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო, ახლა კი POSTV-ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა, პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართა.

დეტალები: ორგანიზატორების თქმით, მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში.

  • ამბობენ, რომ სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებიან და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ.
  • "ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები", — ამბობენ ორგანიზატორები.
  • მათივე თქმით, ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის.
  • განმარტავენ, რომ მტრული და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიუხედავად, მათ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი, არ მოითმენენ ჩაგვრას და მარტო არ დატოვებენ არცერთ ქალს ძალადობის და ტერორის წინაშე.

ქალთა სოლიდარობის მარში ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში.

  • თუმცა ქალთა მოძრაობების, საზოგადოების თავდაუზოგავი შრომის და არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.
  • ამბობენ, რომ 2 აპრილს სიძულვილის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და უთანასწორობასთან ბრძოლაში ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია.
  • მარში მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება — შეუერთდნენ მასობრივი სოლიდარობის მსვლელობაში.
  • "უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს. ქალების ბრძოლა გრძელდება", — ამბობენ ორგანიზატორები.

სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

  • კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.

  • სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

  • საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.

  • იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

  • ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.