ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს ექსპრეზიდენტს ნორვეგიელ კონსერვატორთა პარტიამ პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიანიჭა.

  • საქართველოს პრემიერმინისტრი სააკაშვილის დაჯილდოების ფაქტს გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელიც სასჯელს ტერორიზმისა და ადამიანთა მკვლელობის გამო იხდის.
  • "ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს [...] იგივეა ჩემთვის", — განაცხადა მან.
  • ამ შეფასებას "უაღრესად უადგილო" უწოდა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა.

დეტალები: საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ელჩს განუმარტეს ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება სააკაშვილის დაჯილდოების ფაქტზე.

  • უწყების განმარტებით, უკმაყოფილება დაკავშირებულია "მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი".
  • სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

ამასთანავე, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გაიმართა, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდოს გადაცემა გააპროტესტეს. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, ნორვეგიის საელჩო მომხდარს გაემიჯნოს.

  • "ნორვეგიის საელჩოსთან გამართული აქცია არ არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ", — განაცხადა ენმ-ს წევრმა, ვასო ურუშაძემ.
  • ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის შედარება გაიმეორა და შემდეგნაირად განავრცო:
  • "პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის: ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე".