თუ Apple-ის რომელიმე მოწყობილობას მოიხმართ, შეტყობინებები შეამოწმეთ — კომპანიამ თავისი პროდუქტებისათვის სისტემური განახლებები გამოუშვა: iOS 16.4, MacOS 13.3, iPadOS 16.4 და WatchOS 9.4. მოწყობილობებს 21 ახალი ემოჯი და ზარებისთვის ხმის იზოლაცია დაემატა. გამოსწორდა რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზიც.

ემოჯიების კლავიატურას ხუთი ახალი ცხოველი დაემატა, ხელის ორი ახალი ჟესტი, ახალი ფერის სამი ცალი გული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მათ შორის: მარაო, ფლეიტა, მარაკა...

ფოტო: Apple designs/Emojipedia composite

ფოტო: Apple designs/Emojipedia composite

მეგობრებთან ბატის ემოჯიების გაგზავნის გარდა, განახლება მეტად პრაქტიკულ საქმეებსაც გაგვიმარტივებს:

  • მობილურით განხორციელებულ ზარებს ხმის იზოლაცია (Voice Isolation) დაემატა, რომელიც საუბრისას გარედან შემომავალ ხმებს დაბლოკავს;
  • ფოტოების აპლიკაციაში Duplicates ალბომი სურათებს iCloud-ის Shared Photo Library-ში შენახულ ფოტოებს დაადარებს, რათა ისინი არ გამეორდეს და ალბომები ორგანიზებული იყოს;
  • ახალი ფუნქცია ვიდეოებში ზედმეტად მკვეთრ განათებას ან სტრობის ეფექტებს დააფიქსირებს და ეკრანს განათებას ჩაუწევს.

ამას გარდა, გაუმჯობესდა მაღვიძარას შემთხვევითი დადუმების, მშობლების მიერ შიგთავსის კონტროლისა და სხვა ტიპის ხარვეზები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუნდება HomeKit არქიტექტურაც, რომელიც გასულ წელს iOS 16.2-სა და MacOS Ventura 13.1-ში გააუქმეს — Siri-ის ზოგიერთი ბრძანება გაუმართავად მუშაობდა, ჭკვიანი სახლის მოწყობილობები კი Home App-ში სწორად არ ჩნდებოდა. გამოსწორდა ხარვეზები Matter-თან თავსებადი მოწყობილობების შეწყვილების მხრივაც.

თუკი ამ სიახლეებით სარგებლობა გსურთ, iOS 16.4-ის დაყენებას მოწყობილობის პარამეტრებიდან შეძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.