როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, ჩიქოვანს მძიმე დანაშაულში დასწამეს ცილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც პოსტივის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, POSTV-მ თათია სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.

  • პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან მივიდა და ამბობდნენ, რომ მას სამხარაძე გატაცებული ჰყავდა, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.
  • ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
  • პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
  • ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.

დეტალები: ბექა ბასილაია ამბობს, რომ მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა ჩიქოვანის უფლებები.

  • "ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას",— თქვა ბასილაიამ.

გარდა ამისა, 25 მარტს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოსტივის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე, გამოძიება დაიწყო.

  • ბასილაია ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია — მისი განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტისთვის არა საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ ბინაში მისი უკანონო შესვლის აღკვეთას.
  • "ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტური საქმიანობის ნებისმიერ ფაქტს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ფაქტები, რის ირგვლივაც გამოძიება დაიწყეს, ნამდვილად არ შეიცავს, რაიმე დიდი დანაშაულის ნიშნებს".
  • ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან — "ეს იყო არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა".