PTSD-ის სამკურნალო პირველმა მოწყობილობამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) გაყიდვის ნებართვა მიიღო. მოწყობილობა, სახელად Prism, ისრაელურმა კომპანიამ GrayMatters Health (GMH) შექმნა, რომელიც ფსიქიკური დაავადებებისთვის ციფრულ თვითნეირომოდულაციურ თერაპიებს ქმნის. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

PTSD, იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი ემოციური სტრესი იწვევს, მაგალითად: საომარი მოქმედებები, რაიმე სახის ძალადობა ან დაზიანება, ბუნებრივი კატასტროფები, უბედური შემთხვევები და სხვ. აშლილობა ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორებადი განცდით ხასიათდება, არაერთი შემაწუხებელი სიმპტომით ვლინდება და ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს.

ასევე იხილეთ: PTSD-ის ისტორია — საომარი ველიდან სამედიცინო დიაგნოზამდე და პანდემიურ რეალობამდე

მის სამკურნალოდ შექმნილი Prism ორი ნაწილისგან შემდგარი მოწყობილობაა, რომელიც პაციენტებს ამიგდალის, იგივე ნუშისებრი სხეულის, აქტივობის მართვაში ეხმარება. ტვინის ეს რეგიონი ძირითადად ემოციებისა და მახსოვრობის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

"როდესაც პაციენტი ამიგდალის აქტივობას ან ამიგდალასთან დაკავშირებულ სიგნალს წარმატებით ამცირებს, მოწყობილობისგან დადებით უკუკავშირს იღებს", — აცხადებს ტალმა ჰენდლერი, თელ-ავივის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებისა და ფსიქიატრიის პროფესორი, რომელმაც ტექნოლოგია შექმნა.

მისი თქმით, Prism პაციენტებს გონებრივი სტრატეგიის დასწავლაში ეხმარება, რომელსაც, თავის მხრივ, ემოციური სისტემა შედარებით მშვიდ მდგომარეობაში გადაჰყავს.

PTSD-ის მქონე პაციენტი Prism-სა და მის ინტერაქციულ აუდიო-ვიზუალურ ინტერფეისს იყენებს. პროცედურა სპეციალისტთა ზედამხედველობით მიმდინარეობს.

ფოტო: GrayMatters Health

მოწყობილობის შემქმნელები ელიან, რომ იგი აშშ-ის ბაზარზე 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ყველგან არა — მის გამოყენებას ამბულატორიულ და კერძო კლინიკებში შეძლებენ, სადაც სამედიცინო პერსონალს მოწყობილობის მოხმარებას სპეციალურად შეასწავლიან.

შემქმნელები ამტკიცებენ, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში Prism უაღრესად ეფექტიანია.

"როდესაც პაციენტი თავის ლიმბურ სისტემას წარმატებით არეგულირებს, ოთახიც მშვიდდება. ხალხი დასხდომას იწყებს და ხმაური მცირდება. შესაბამისად, ასე თუ ისე, ეს პაციენტის ტვინთან რეზონანსულია. ეს დადებითი უკუკავშირია. ეს უწყვეტია და, რაც მეტად მშვიდდება ადამიანი, მით უფრო ჩუმი ხდება ოთახიც", — ხსნის ჰენდლერი.

ცნობილია, რომ PTSD აშშ-ში ყოველწლიურად ზრდასრულთა დაახლოებით 5%-ს აქვს. 2020 წელს დაავადება დაახლოებით 13 მილიონ ამერიკელს აწუხებდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ქალებს კაცებზე ხშირად ემართებათ — PTSD ცხოვრებაში ერთხელ მაინც 100-იდან 8 ქალს და 100-იდან 4 კაცს უვითარდება.

საგულისხმოა, რომ PTSD ყველაზე ხშირად ჯარისკაცებს აწუხებთ. Prism-ის შექმნისას სწორედ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე ჩატარებული კვლევები გამოიყენეს. მათ fMRI ჩაუტარდათ 2009 წლის ომამდე და მას შემდეგ.

"აღმოვაჩინეთ, რომ ჯარისკაცებს, რომელთაც ნუშისებრი სხეულის აქტივობა მანამდეც მეტი ჰქონდათ, ომის შემდგომ PTSD-ის მეტი სიმპტომი გაუჩნდათ. ეს იყო თავდაპირველი ინდიკატორი იმისა, რომ ნუშისებრი სხეულის ჰიპერაქტივაცია, შესაძლოა, ტრავმის შემდგომ ფსიქოპათოლოგიის განვითარების შესაძლებლობაზე მიანიშნებდეს", — დასძენს ჰენდლერი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.