ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ბრუკლინის ქუჩებში, გამვლელებმა დაბნეულად მოსიარულე ხბოს მოჰკრეს თვალი. როგორც შემდეგ გაირკვა, პატარა ცხოველი სასაკლაოს მახლობლად მდგარი ტრანსპორტიდან გაიქცა. სამწუხაროდ, ოთხი თვის ხბო თავდაპირველად სასაკლაოში დააბრუნეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ამბავი ინტერნეტსივრცეში გახმაურდა, ცხოველის გადასარჩენად მისმა გულშემატკივრებმა ნიუ-ჯერსიში მდებარე თავშესაფარს მიმართეს.

თავდაპირველად, საქმე გაჭირდა. როგორც ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენელი ამბობს, ისინი თავიდანვე თანახმანი იყვნენ ხბოს დატოვებაზე, თუმცა, მისი პატრონი წინააღმდეგი იყო.

"იქნებ ახალ ამბებში გაშუქება და საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მგრძნობიარობა მაინც დაეხმაროს, რომ ეს საცოდავი პატარა არსებად დაინახოს", — წერს ცხოველთა თავშესაფარი.

საბოლოოდ, ყველაფერი კეთილად დასრულდა — მისი პატრონი დათანხმდა, ხბოს ცხოვრება თავშესაფარში გაეგრძელებინა.

აღსანიშნავია, რომ პატარა ცხოველი პირველი ბინადარი არაა, რომელიც სასაკლაოს ამ თავშესაფარში მოხვედრით გადაურჩა.

"წლების განმავლობაში სასაკლაოს თანამშრომლებსაც კი გამოუგზავნიათ ჩვენთან ცხოველები, [ხბოზე] გაცილებით დიდებიც", — ჰყვება თავშესაფრის ხელმძღვანელი, მაიკ სტურა, — "მათაც კი, სასაკლაოს ხალხს, სიცოცხლის გადარჩენა უხარიათ".

ასე რომ, საყვარელი ხბო ახლა მშვიდად და ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას თავშესაფარში — იქ, სადაც მისი სიკვდილის მოსურნეები ვერ მისწვდებიან.