დედამიწაზე არსებობს ბაქტერია, რომელიც ტოქსიკური ლითონებით მდიდარი მატერიის გადამუშავების შედეგად, არც მეტი, არც ნაკლები, ოქროს გამოყოფს. ამ ძვირფას "ფეკალიებს" მცირე ზომის ფრაგმენტების სახე აქვს.

აღნიშნული ორგანიზმი Cupriavidus metallidurans-ის სახელითაა ცნობილი. ისინი ტოქსიკური ელემენტების შემცველ მიწაში ბინადრობენ და ბიოლოგიური პროცესების შედეგად ოქროს "აწარმოებენ". ეს მექანიზმი მეცნიერებმა 2018 წელს შეისწავლეს.

მათ დაასკვნეს, რომ ზემოხსენებული მიკროორგანიზმები ამას მიწაში არსებულ ოქროსთან და სპილენძთან გასამკლავებლად აკეთებენ. მათი დიდი რაოდენობა მომწამლავია, მაგრამ ბაქტერიებს ევოლუციის განმავლობაში გადასარჩენად სპილენძის საჭიროება ჩამოუყალიბდათ.

Cupriavidus metallidurans მიწაში არსებულ მძიმე ლითონებს გარდაქმნის ისე, რომ მისთვის მავნე აღარ იყოს. მაგალითად, თუ სპილენძის კონცენტრაცია ზედმეტად მაღალია, ეს ორგანიზმები სპეციალურ ფერმენტ CupA-ს ააქტიურებენ, რომელიც ამ ელემენტს უჯრედის გარეთ გამოდევნის და ბაქტერიას ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

ფოტო: Technical University of Munich

"ტოქსიკურ მძიმე ლითონებს თუ არ ჩავთვლით, მიწაში მათთვის ცუდი საცხოვრებელი პირობები არაა. იქ ენერგიის შესანახად საკმარისი წყალბადია და კონკურენციაც თითქმის არაა. თუ ორგანიზმი გადარჩენას მოისურვებს, უნდა მონახოს გზა, რათა ამ მომწამლავი სუბსტანციებისგან თავი დაიცვას", — აცხადებენ მეცნიერები.

სწორედ ამას ცდილობს Cupriavidus metallidurans ოქროს შემთხვევაში. მისსა და სპილენძის ნაერთთან ურთიერთქმედებისას, ისინი CupA-ს ნაცვლად, სხვა ფერმენტს ააქტიურებენ, რომელსაც CopA ეწოდება. ის ლითონებს სახეს უცვლის და ისეთ ფორმას აძლევს, რომლის შთანთქმაც ძნელია.

"შედეგად, უჯრედში სპილენძისა და ოქროს ნაკლები ნაერთი აღწევს. ბაქტერია ისე აღარ იწამლება, ხოლო სპილენძს ფერმენტი თავისუფლად გამოდევნის. დამატებით, ოქროს ნაერთები, რომელთა შთანთქმაც უფრო რთულია, უჯრედის გარეთა არეალზე უსაფრთხო ფრაგმენტების სახით გროვდება, რომელთა ზომაც მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრია", — ამბობენ 2018 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.