ლაშა ხუციშვილი

23 Mar. 2023, 16:05

ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში. 

აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია.

საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.

ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად — მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა. მან ამით ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვას, იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს სანქციების არიდებისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ