ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, პარლამენტში ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

  • ჯაფარიძის გაღიზიანება გამოიწვია სიტყვა "აგენტმა", რომლითაც ის ცოტა ხნის წინ აპირებდა, მოენათლა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

ვიქტორ ჯაფარიძე ძალადობას ამართლებს, ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ამბობს, რომ ვინც მოღალატეს დაუძახებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს.

  • პრორუსი დეპუტატის თქმით, თუ რამე პრეტენზია აქვს ტარიელ ნაკაიძეს სასამართლოს უნდა მიმართოს.
  • "არ არის მისაღები, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, ეგ არ არის შეურაცხყოფა, როდესაც... შეურაცხყოფა მომაყენა, მოღალატე დამიძახა", — თქვა ჯაფარიძემ.
  • ამბობს, რომ ბოდიში ნაკაიძემ უნდა მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის.
  • "პირი გამოირეცხოს სუყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ", — განაცხადა ჯაფარიძემ.
  • დეპუტატი იმეორებს ქართული ოცნების რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ უკან გაწვეული კანონი რუსული არ ყოფილა და ამბობს, რომ მსგავსი ეპითეტებით ადამიანების შემკობა საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს.

დეტალები: ვიქტორ ჯაფარიძის ნაკაიძეზე თავდასხმაზე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თმენის ვალდებულება უნდა ჰქონდეს დეპუტატს, მაგრამ ეს ცალმხრივი ვალდებულება არაა.

  • ქართული ოცნების ლიდერის თქმით, მათ ოპონენტებს გაუადვილდათ ლაპარაკი და უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ, რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისათვის, ქართველი კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი და მოსათმენი.
  • "შეგიძლიათ თქვათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება აქვს. რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის, კაცო", — თქვა მდინარაძემ.