მკვლევრებმა იზოლირებულ კუნძულზე, ბრაზილიასთან ახლოს, "პლასტმასის ქვები" აღმოაჩინეს. ექსპერტების მოსაზრებით, ეს თვალსაჩინო ნიშანია იმისა, თუ რამდენად ღრმა კვალი დაამჩნია პლასტმასით დაბინძურებამ დედამიწის გეოლოგიას. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ქვები, სახელად "პლასტიგლომერატები", დანალექი ქანების, ქანების მონატეხებისა და დამდნარი პლასტმასისგან შედგება.

ფოტო: REUTERS/Rodolfo Buhrer

მეცნიერებში განსაკუთრებულ შეშფოთებას მათი აღმოჩენის ადგილი იწვევს.

"ეს ახალი და ამავდროულად შემაძრწუნებელია, რადგან დაბინძურებამ გეოლოგიამდე მიაღწია", — აცხადებს ფერნანდა აველარ სანტოსი, პარანის ფედერალური უნივერსიტეტის გეოლოგი, Reuters-თან საუბრისას — "ადგილი, სადაც ნიმუშები ვიპოვეთ, ბრაზილიის სამუდამოდ დაცული ტერიტორიაა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მწვანე კუები დებენ კვერცხებს".

ტრინიდადის კუნძული გადაშენების პირას მყოფი მწვანე კუებისთვის განკუთვნილი ნაკრძალია. მეცნიერების გარდა, ადგილზე მხოლოდ ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებიც სახეობის დასაცავად პატრულირებენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლასტმასა უკვე განურჩევლად ყველგანაა — მარიანას ღრმულსა და პატარა ბავშვების ორგანიზმშიც კი — ხოლო გამონაკლისი არც ტრინიდადის კუნძულია.

ფოტო: REUTERS/Rodolfo Buhrer

ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ნაპოვნი პლასტმასა სათევზაო ბადეებს დაუკავშირეს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე საზიანო დამაბინძურებელი მასალაა. სანტოსის თქმით, იზოლირებული კუნძულის სანაპიროებზე ისინი საკმაოდ ხშირად გვხვდება.

"ბადეები ზღვის დინებებს მოაქვს და ისინი სანაპიროზე გროვდება", — ამბობს გეოლოგი — "ტემპერატურის მატებისას პლასტმასა დნება და სანაპიროს ბუნებრივ მასალაში ეფლობა".

შემაშფოთებელი აღმოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ანთროპოცენი უკვე მიმდინარეობს. ეს ერა დედამიწის ატმოსფეროზე, კლიმატსა და სხვა გეოლოგიურ პროცესებზე ადამიანის დიდი ზემოქმედებით ხასიათდება.

ასევე იხილეთ: ქვის ხანიდან პლანეტის შეცვლამდე — დედამიწის 8 მილიარდი მკვიდრი გარდამტეხი მომენტის მოლოდინში

"იმდენს ვსაუბრობთ ანთროპოცენზე, და, აი, ისიც", — აცხადებს სანტოსი — "დაბინძურება, ნაგავი ზღვაში და ოკეანეებში უწესოდ ჩაყრილი პლასტმასა გეოლოგიური მასალა ხდება, რომელიც დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში ინახება".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.