ახალი ანიმაცია გვიჩვენებს, როგორც იცვლებოდა დედამიწის ზედაპირი ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში. ის ჩვენი პლანეტის ტოპოგრაფიული მახასიათებლების ევოლუციას ყველაზე დეტალურად ასახავს, მათ შორის ტექტონიკური ფილების მოძრაობით პროვოცირებულ მთების ფორმირებას, ოკეანის აუზების ჩამოყალიბებასა და ეროზიის პროცესში დანალექი ქანების დიდი მასების გლობალურად გადანაცვლებას.

ტექტონიკური ფილების გადაადგილების გარდა, ციური სხეულის ზედაპირის ფორმაზე ატმოსფერული ნალექიც ახდენს გავლენას. მისი წყალობით ხმელეთი უკან იხევს, ხოლო ჰაერში ნახშირორჟანგის დონე იცვლება, რაც ხმელეთისა და ატმოსფეროს ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

"ახალი მოდელი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ შეიცვალა ეს ზედაპირი (გლობალურად, გეოლოგიური დროითი მასშტაბით) ატმოსფეროსთან, ჰიდროსფეროსთან, ტექტონიკისა და მანტიის დინამიკასთან ურთიერთქმედებით", — აცხადებენ მეცნიერები.

სიმულაცია 100 მილიონი წლის წინანდელი ვითარებით იწყება, როცა სუპერკონტინენტი პანგეა გახლეჩის შუა პროცესში იყო, რომელიც 200 მილიონი წლის წინ დაიწყო. კადრებში აფრიკისა და სახრეთ ამერიკის კონტურების გარჩევა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კონტინენტებს, ისინი ათობით მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. ლურჯად წყლის დინებაა ნაჩვენები, ხოლო წითლად ეროზიის შედეგად ახალი დანალექის დაგროვების ინტენსივობა.

"დედამიწის ბოლოდროინდელი წარსულის უპრეცედენტოდ მაღალი გარჩევადობის ეს მოდელი მეცნიერებს ჩვენი პლანეტის ზედაპირის უფრო სრულად და დინამიკურად გაგებაში დაეხმარება", — ამბობენ მკვლევრები.

მათ დაადგინეს, რომ დანალექი ქანების გლობალურად გადაადგილება იმაზე მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა, რადგან მსგავსი გეოლოგიური ნიმუშების ბაზა ფრაგმენტირებულია. ასევე, ვიგებთ, რომ უკანასკნელი 100 მილიონი წლის განმავლობაში ეროზიის საერთო ტემპი საკმაოდ ერთგვაროვანი იყო. სამაგიეროდ, დანალექი ხან წყალში ჩაედინებოდა, ხან კი მცირე შემაღლების მქონე აუზებში გროვდებოდა. მაგალითად, დაახლოებით 60 და 30 მილიონი წლის წინ ოკეანეებში ის გაორმაგებულად ჩაედინებოდა, რაც ჰიმალაისაა და ტიბეტის მთიანეთის ფორმირებას უკავშირდება.

ასეთი ნიუანსები შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, თუნდაც წყლიან გარემოში ადრეული სიცოცხლის გაჩენისა და მათ მიერ მინერალების წარმოქმნის შესწავლის თვალსაზრისით. ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.