დიმეთილტრიპტამინი, ან იგივე DMT, ძლიერი ფსიქოდელიური საშუალებაა, რომლის მოქმედება ადამიანის ტვინზე მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. თუმცა, ამ მოკლე დროში მომხმარებელი მნიშვნელოვან ფსიქიკურ ცვლილებებს განიცდის.

პირველად, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები. მათ DMT-ის მაღალი დოზა 20 ჯანმრთელ ადამიანს მისცეს, რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ კვლევაში.

მკვლევრებმა მონაწილეთა ტვინის აქტივობა DMT-ის მიღებამდე, ზემოქმედებისას და მის შემდეგ შეისწავლეს. და აი, რა აღმოაჩინეს:

როგორ მოქმედებს DMT ადამიანის ტვინზე?

მკვლევრების აზრით, DMT ძალიან განსხვავდება სხვა პოპულარული ჰალუცინოგენებისგან, მაგალითად როგორიცაა LSD. ამან შეიძლება ადამიანი უფრო ღრმა, ინტენსიურ, ბუნდოვან ან სახიფათო კოგნიტურ მდგომარეობაში გადაიყვანოს. DMT-ის დიდი დოზის მიღებისას ადამიანებმა შეიძლება სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობა გამოცადონ.

მათ ასევე შეიძლება დაეუფლოთ შეგრძნება თითქოს სხვადასხვა განზომილებაში მოგზაურობენ, ან ალტერნატიულ რეალობაში გადადიან. იმის გასარკვევად, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, მკვლევრებმა გამოიყენეს ტვინზე დაკვირვების ორი ტექნოლოგია; ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) და ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI).

მონაწილეები კვლევის ფარგლებში მთლიანობაში DMT-ის ეფექტს სულ 20 წუთის განმავლობაში განიცდიდნენ. ამის პარალელურად, მათ ხშირად სთხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი გამოცდილების ინტენსივობა ერთიდან 10-მდე ქულით.

შედეგებმა აჩვენა, რომ DMT მნიშვნელოვნად ცვლის ტვინის უბნებს, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი დონის ფუნქციებთან, როგორიცაა წარმოსახვა. ასეთ ადგილებში პრეპარატი აძლიერებდა კომუნიკაციასა და კავშირს ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის.

"ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის აქტივობა ტვინის მაღალგანვითარებულ უბნებსა და სისტემებში, რომლებიც წარმოქმნიან განსაკუთრებით მაღალი დონის მოდელებს", — თქვა დოქტორმა კრის ტიმერმანმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.

რატომ არის DMT-ის ეფექტის შესწავლა მნიშვნელოვანი?

DMT ბუნებრივად გვხვდება მცენარეებში, როგორიცაა Diplopterys cabrerana და Mimosa tenuiflora. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ქვეწარმავალი და თევზი ასევე ატარებს ამ ფსიქოდელიურ ნივთიერებას სხეულში. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ნაწილში, გარვეული კულტურული და რელიგიური ჯგუფები იყენებენ DMT-ს სხვადასხვა სახის ცერემონიების შესასრულებლად.

თუმცა, DMT-ის მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. კვლევის ავტორები თვლიან, DMT-ს შეუძლია მეცნიერებს საშუალება მისცეს უკეთ გაიგონ ადამიანის ტვინი. ამ ნივთერების გავლენა ტვინზე ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი გონება, როდესაც ის არაცნობიერ მდგომარეობაშია.

"ფსიქოდელიური ნივთიერებები ძალზე მძლავრი მეცნიერული ინსტრუმენტებია იმის გასაგებად, თუ როგორ უკავშირდება ტვინის აქტივობა ცნობიერ გამოცდილებას", — აღნიშნა კვლევის უფროსმა ავტორმა რობინ კარჰარტ-ჰარისმა.

მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ DMT-ზე ტვინის ზოგიერთი რიტმის მკვეთრი დისრეგულაცია აღინიშნა. ტვინმა ფუნქციონირების რეჟიმი რაღაც უფრო ანარქიულზე გადაიტანა.

მკვლევრების თქმით, ეს ბოლო მოვლენა ძალიან საინტერესოა და მათ კვლევების გაგრძელება სურთ.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.