პოპულარულმა ვებ გვერდმა transfermarkt.co.uk-მ, რომელიც ფეხბურთელების სავარაუდო ფასს ადგენს, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

გუშინ ტრანსფერმარკეტმა სოციალურ ქსელში მცირე გამოკითხვაც ჩაატარა და ქართველი გარემარბის სავარაუდო ფასის 4 ვერსია შემოგვთავაზა — 95 მილიონი, 85 მილიონი, 75 მილიონი და 65 მილიონი.

ფოტო: transfermarkt.co.uk / Facebook

დღეს კი, ხვიჩა კვარაცხელიას ახალ სატრანსფერო ფასად 85 მილიონი ევრო გაიწერა. ეს ქართველი ფეხბურთელის სარეკორდო შეფასებაა. თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენი მზად არის, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ვარსკვლავში ორჯერ მეტი გადაიხადოს. მას ასევე უკავშირებენ მანჩესტერ სიტის, ბარსელონასა და მადრიდის რეალს.

ფოტო: Transfermarkt.co.uk

ხვიჩა ახლა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება. ხსენებულ მეტოქეებს საქართველო 25 და 28 მარტს ბათუმში დაუპირისპირდება. მონღოლეთთან საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო ნორვეგიასთან ასევე საშინაო მატჩით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს გახსნის.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის ხელმძვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო და ისიც ამხანაგური თამაში შემდგომში მუნდიალის ნახევარფინალისტ მაროკოსთან.

სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებთან ერთად სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია. 2022 წელს საქართველოს ბანკსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუსტალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, შექმნის საგანმანათლებლო პლატფორმებს და ითანამშრომლებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.