ევროპარლამენტარების, ვლად გეორგესა და კარენ მელქიორის წერილს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან პრემიერმინისტრის მუქარით რუსული კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი.

  • "ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი", — ვკითხულობთ წერილში.

დეტალები: ევროპარლამენტარები წერენ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს.

  • "თუკი რაიმე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები. ასევე ანტიკონსტიტუციურია დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 133-დან 165-მდეა", — ნათქვამია წერილში.
  • გეორგესა და მელქიორის თქმით, ნაცვლად დასჯისა, მთავრობამ უნდა დაარწმუნოს დემონსტრანტები, რუსული კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან.
  • "ევროკავშირი დიდი გულისყურით აკვირდება რუსი ინდივიდებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს და არ მოითმენს საქართველოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ინსტრუმენტალიზაციას სანქციებისგან თავის ასარიდებლად."
  • მათივე თქმით, გზები, რომლებითაც მთავრობა ეპყრობა დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს იქნება ის, რაც განსაზღვრავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.