სექსსომნია პარასომნიის, ანუ ძილის დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი გაუაზრებელ სექსუალურ ქცევას ავლენს. მიიჩნევა, რომ გლობალურად მსგავსი პრობლემა ზრდასრული მოსახლეობის 7.1%-ს აღენიშნება, ხოლო 2007 წლის კვლევის მიხედვით, ის კაცებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში.

სამედიცინო თვალსაზრისით, სექსსომნია შედარებით ახალი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დარღვევაა, რომლის პირველი ოფიციალური შემთხვევაც 1986 წელს დაფიქსირდა. საქმეს ისიც ართულებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა მსგავსი შემთხვევაა აღწერილი, თანაც მისი გამოკვლევა მარტივი არაა, რადგან ღამის განმავლობაში ის მოულოდნელად იჩენს თავს.

ეს ფენომენი "ძილში სექსის" სახელითაცაა ცნობილი, მაგრამ სექსუალური ქცევის სხვადასხვა სახეს მოიცავს, როგორიცაა მასტურბაცია, კვნესა, სპონტანური ორგაზმი და ა.შ. ასევე, ის შესაძლოა, ადამიანს პარასომნიის სხვა ფორმებთან ერთად ჰქონდეს, მაგალითად, ძილში სიარულთან, კოშმარებთან და ბოდვასთან, რაც თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზაში (REM) ან ღრმა ძილში ხდება.

სექსსომნია არ უნდა აგვერიოს ეროტიკული შინაარსის სიზმრებში, რომლებიც სრულიად ნორმალურია და განსაკუთრებით გავრცელებულია მოზარდებში (უფრო მამრობით სქესში), თუმცა ზრდასრულებშიც არაა იშვიათი. ასეთ სიზმრებს ზოგჯერ თან სდევს ორგაზმიც, რაც ასევე ბუნებრივია და რაიმე დარღვევასთან არ ასოცირდება.

სექსსომნიის სიმპტომები

სექსსომნიის დროს ტვინი ღრმა ძილში უეცრად, ნაწილობრივ იღვიძებს, მაგრამ ადამიანს მაინც სძინავს. ის კონკრეტულ სექსუალურ ქცევებს ავლენს და, როგორც წესი, არაფერი ახსოვს. ასეთ ქცევებს შორისაა პარტნიორთან შეხება, გარკვეული მოძრაობები და ხმები. 2016 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ამგვარი ეპიზოდის დროს ქალები უფრო ხშირად მასტურბირებენ, ხოლო კაცები მათ გვერდით მწოლთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობენ.

ფოტო: cleveland clinic

სექსსომნიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • გვერდით მწოლთან შეხება/ალერსი
  • კვნესა
  • ღრმად სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა
  • ოფლიანობა
  • მასტურბაცია
  • მენჯისმიერი მოძრაობები
  • სპონტანური ორგაზმი
  • ძილში განხორციელებული სქესობრივი ქმედებების დავიწყება
  • მსგავსი ქმედებისას გაყინული, ცარიელი მზერა
  • გარემოზე რეაქციის არქონა
  • ამგვარი ეპიზოდის დროს გაღვიძების გაძნელება ან შეუძლებლობა
  • მომხდარის უარყოფა
  • ძილში სიარული ან ბოდვა

უნდა ითქვას ისიც, რომ ფიზიკური ნიშნების გარდა, სექსსომნია უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ, ფსიქოსოციალურ და ზოგად მენტალურ მდგომარეობაზეც.

სექსსომნიის გამომწვევი მიზეზები

სხვა პარასომნიების მსგავსად, სექსსომნიის გამომწვევი მიზეზი ღრმა ძილის ფაზებს შორის მონაცვლეობისას გარკვეული დარღვევები უნდა იყოს, რომელთაც კონფუზიურ აღგზნებებს უწოდებენ. ასევე, მეცნიერთა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი ეპიზოდები ხშირად პარტნიორის სხეულის მოძრაობას უკავშირდება, რაც ტვინს ააქტიურებს. პოტენციურ მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორისაა ხვრინვა, გარედან შემოსული ხმაური, ტემპერატურის უეცარი ცვლილება და სხვა.

ზოგჯერ სექსსომნია ძილის აპნოეს სიმპტომიცაა, მდგომარეობის, რომლისთვისაც ყელის კუნთების მოდუნების გამო სუნთქვის დროებით შეწყვეტაა დამახასიათებელი. ამ პრობლემის დროს ადამიანები ხრჩობის მსგავს ხმას გამოსცემენ, რაც ტვინს აფხიზლებს. მის უკან შესაძლოა, სტრესიც იდგეს, კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ ასეთმა სიტუაციებმა სექსსომნიის ეპიზოდების სიმრავლე განაპირობოს.

სხვა მიზეზებს შორისაა:

  • ძილის უკმარისობა
  • ძლიერი დაღლილობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ნარკოტიკების მოხმარება
  • შფოთვა
  • ძილისთვის ცუდი პირობები (ზედმეტი სინათლე, ხმაური, სიცხე)
  • დარღვეული ან არასრულფასოვანი ძილის რეჟიმი
  • ცვლებში მუშაობა სტრესულ სამსახურში
  • სხვასთან ერთად წოლა (იმის მიუხედავად, როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან)

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ძილში სექსის" ფენომენი მაღალ ლიბიდოს სულაც არ უკავშირდება. მეცნიერებმა, ასევე, სექსუალურ დაუკმაყოფილებლობასა და მას შორის მიმართებაც ვერ გამოავლინეს.

საინტერესოა, რატომ უწყობს ხელს ნაწილობრივ გაღვიძებული ტვინი სქესობრივი ქმედების განხორციელებას? პასუხი ჩვენს ბაზისურ ინსტინქტებშია, რომელთა შორისაცაა ჭამა, სექსი, სიარული და შიში. ისინი ძილის დროს არამიზანმიმართულად გამოიხატება, მაგრამ რატომ ხდება ეს ზოგ ინდივიდში, სხვებში კი არა, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: Getty

რაც შეეხება სექსსომნიის სამედიცინო რისკ-ფაქტორებს, ესენია:

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება
  • გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი
  • პარასომნიის სხვა ფორმები
  • კრონის დაავადება
  • კოლიტი
  • წყლულები
  • შაკიკი
  • ეპილეფსია და სხვა სპაზმური პრობლემები
  • თავის ტრავმა
  • შფოთვისა და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • ძილის დისოციაციური აშლილობა, რომელიც ხშირად ბავშვობის სექსუალურ ტრავმას უკავშირდება
  • პარკინსონის დაავადება

სექსსომნიის დიაგნოსტირება და მკურნალობა

სექსსომნიის მქონე მრავალმა ადამიანმა არ იცის, რომ ეს პრობლემა აქვს. ხშირად ისინი ამის შესახებ პარტნიორისგან იგებენ ან გარკვეული დაზიანებით ხვდებიან, რომელიც ძილში მასტურბაციას უკავშირდება.

მისი დიაგნოსტირებისთვის სპეციალისტები ჯერ სხვა მდგომარეობების გამორიცხვას ცდილობენ, როგორიცაა ეპილეფსია და ობსტრუქციული ძილის აპნოე. შეისწავლიან პაციენტის სამედიცინო ისტორიასაც, რადგან დიდი შანსია, ამ დროს პარასომნიის სხვა ფორმებიც ფიქსირდებოდეს. საბოლოოდ ტარდება ძილის კვლევა, რასაც პოლისომნოგრაფია ეწოდება და მძინარე ადამიანის ტვინის იმპულსებზე, სისხლში ჟანგბადის დონეზე, გულისცემაზე, სუნთქვასა და კიდურების მოძრაობაზე დაკვირვებას გულისხმობს. ამის მიუხედავად, სექსსომნიის დასადასტურებლად მხოლოდ პოლისომნოგრაფიას ვერ დავეყრდნობით.

ტვინის აქტივობაზე დაკვირვება ელექტროენცეფალოგრაფითაცაა შესაძლებელი. 2016 წლის კვლევის მიხედვით, ძილში სიარულისა და კოშმარებისას ამ მოწყობილობამ იმპულსები ტვინის ქერქის ისეთ რეგიონებში აჩვენა, რომლებიც მოძრაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

სექსსომნიის მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს, რომელიც ადამიანებს აღნიშნული დარღვევის გაკონტროლებაში ეხმარება. მაგალითად, ეფექტიანია ძილის ხარისხის გაუმჯობესება და ტვინის აღგზნების პრევენცია. გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტიც, რომლებიც დაძინებაში გვეხმარება, მაგრამ, პოტენციური უკუჩვენებების გამო, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული.

ერთ-ერთი ხერხია ძილის რეჟიმისა და ღამის რუტინის შენარჩუნება/გაუმჯობესება. მაგალითად დიდ საწოლში დაძინება, სადაც პარტნიორთან შეხებისა და ამით სექსსომნიის ეპიზოდის პროვოცირების შანსი ნაკლები იქნება. სპეციალისტები მსგავსი პრობლემის მქონე ინდივიდებს ალკოჰოლისგან და ნარკოტიკებისგან თავის შეკავებასაც ურჩევენ.

ბოლოს, უნდა ითქვას, რომ პარასომნია ხშირად თავისით ქრება ან პაციენტებს მასთან გამკლავების სტრატეგიები უყალიბდებათ და ეს მდგომარეობა ნაკლებად შემაწუხებელი ხდება. შესაბამისად, მართალია, "ძილში სექსი" არ იკურნება, მაგრამ სექსსომნია შესაძლოა, ერთ დღესაც უბრალოდ გაქრეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.