რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შენების მოძრაობა დააარსა, პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. მოძრაობის ლოზუნგია: "რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".

მოძრაობაში არ იქნება თინა ხიდაშელი, თუმცა იქნება რესპუბლიკელების ყოფილი სახე ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, შენების მოძრაობა მხოლოდ მათთან ითანამშრომლებს, ვინც მათ პრინციპებს აღიარებს.

"ჩვენ გვეყოლებიან მტრები, რომლებიც არც ისე პატიოსანი მეთოდებით იბრძოდნენ აქამდე პოლიტიკაში" - ამბობს უსუფაშვილი და დასძენს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა საზოგადოების გამაერთიანებელ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობას.

"ვთანხმდებით, რომ, შენების მოძრაობა უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას.

უსუფაშვილის თქმით, ისინი 2017 წლის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და მომავალი 30 დღის განმავლობაში მერის არჩევნებზე კანდიდატურას წარადგენენ. მისი თქმით, აქტიურ საჯარო ღონისძიებებს ორშაბათიდან დაიწყებენ.

მოძრაობის წევრები არიან:

  1. ლევან აბაშიძე - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი;
  2. გელა გელაშვილი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
  3. ალუდა გოგლიჩიძე - განათლების პოლიტიკის ექსპერტი;
  4. ნინო გურიელი - მოჭადრაკე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
  5. ანდრო დადიანი - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
  6. გოგა დანელიშვილი - ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესმენი;
  7. გიორგი ეპიტაშვილი - იურისტი, ბიზნესმენი;
  8. ტარიელ ზარანდია - ეკონომისტი, ბიზნესმენი;
  9. გიორგი თაქთაქიშვილი - ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
  10. მანუჩარ თოხაძე - ეკონომისტი, საჯარო მოხელე;
  11. გიორგი კანაშვილი - კონფლიქტოლოგი, დოქტორანტი;
  12. ეკატერინე კვანტალიანი - სტუდენტი;
  13. ნათია ლანდია - ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის დოქტორანტი;
  14. თეიმურაზ მურვანიძე - სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი;
  15. გურამ მჭედლიძე - ეკონომისტი;
  16. ფრიდონ საყვარელიძე - მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი;
  17. სოსო სიმონიშილი - ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი;
  18. დავით უსუფაშვილი - იურისტი, პოლიტიკოსი;
  19. ნათია ქობალია - ეკონომისტი, პოლიტოლოგი;
  20. რეზო შავიშვილი - ფიზიკოსი, პოლიტიკოსი;
  21. კახა შარტავა - კიბერნეტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და პოლიტოლოგი;
  22. თენგიზ შერგელაშვილი - ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი;
  23. ილია ჩხუტიშილი - ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი;
  24. გია ხეჩინაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  25. ვახტანგ ხმალაძე - ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი;
  26. გოჩა ჯაბიძე - ეკონომისტი.