ქართულ ოცნებაში რომ საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო. მეტიც, 16 მარტს კობახიძე ამბობდა, რომ "თუ გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი გეგმავს წასვლას, ნაწილს კი რუსული კანონის მხარდაჭერაზე უარის გამო გაუშვებენ.

  • ამას წინ უძღოდა ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის გასვლითი შეხვედრა, სადაც, როგორც პარტიაში თქვეს, "მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები იყო განხილული". ასევე, "ისაუბრეს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებზე".
  • პარტიის გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა რამდენიმე მინისტრი და დეპუტატი, სკამების ნაწილი კი ცარიელი იყო.
  • TV პირველის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი წყდებოდა.

სერგეენკო: გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც ქართული ოცნებიდან მიდის. თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დადის პარლამენტში და ტოვებს თუ არა პარტიას, პირდაპირ არ უპასუხა.

  • "მე მართლა კარგად მესმის თქვენი ინტერესი რომ ამ პროცესებში ჩახედული იყოთ, მაგრამ მეც ვალდებული ვარ, გარკვეული წესები დავიცვა და წინასწარ არ დავიწყო გარკვეული მოვლენების შეფასება", — თქვა მან ნოდარ მელაძის შაბათის ფორმულასთან.
  • აქვე პოლიტიკიდან წასვლას დააანონსა და ხაზს გაუსვა, რომ "რაც არ უნდა მოხდეს" ეს ბოლო მოწვევის პარლამენტია რომელშიც იქნება და დაამატა, რომ ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებს.
  • რაც შეეხება რუსულ კანონს, სერგეენკომ თქვა, რომ ყველას აქვს უფლება და ვალდებულება თავისი პოზიცია გამოხატოს. ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ იყო მიუღებელი რუსული კანონი და რატომ არ მივიდა კენჭისყრაზე.
  • "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია. მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი".

ჩაჩიბაია და კოვზანაძე: დაზუსტებული ინფორმაციით, ჩაჩიბაია მანდატს ტოვებს. როგორც თავად ფორმულასთან თქვა, "საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდა".

  • მისივე განცხადებით, სურს გამოვიდეს პარლამენტიდან, ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოახდენს თავის რეალიზებას, თუმცა "რჩება პარტიის ერთგულ წევრად".
  • ისაუბრა რუსული კანონისთვის ხმის არმიცემაზეც და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ აძლებს უფლებას, დარჩეს პარლამენტში.
  • დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანდატის დამტოვებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც უერთდება და მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განცხადებით ოფიციალურადაც მიმართა.

საკადრო ცვლილებები: პროსახელისუფლებო მედიებმა გუშინ, 19 მარტს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმდჯომარე, გიორგი ამილახვარი შეცვლის.

  • მის შესაძლო გამინისტრებაზე ფორმულა 2022 წლის ოქტომბერში წერდა.
  • დღეს ღარიბაშვილმა ამილახვარი მართლაც წარადგინა ამ თანამდებობაზე.
  • გარდა ამისა, ფორმულას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, შესაძლოა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჩაანაცვლოს. წულუკიანის ადგილას კი დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე მოიაზრება.
  • მოგვიანებით, აზარაშვილმა თქვა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ იგეგმება.